
ივნისში ხილი - 46%-ით, ხორცი - 13.1%-ით, რძის ნაწარმი კი 17.2%-ით გაძვირდა, წლიურმა ინფლაციამ კი 6.1% შეადგინა. ფასების ამგვარი, კატასტროფული ზრდა, რასაკვირველია, მხოლოდ პანდემიის ბრალი ვერ იქნება, რადგან გაძვირება შეეხო თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფს, მათ შორის, ადგილობრივ პროდუქციასაც.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სახეზეა 22 პროცენტით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, მზარდი ინფლაცია, ფასების კატასტროფულად ზრდა სურსათსა და პირველადი მოხმარების საგნებზე, ჰიგიენურ საშუალებებსა და მედიკამენტებზე, დაკარგული სამუშაო ადგილები, გაჩერებული ტურისტული ინდუსტრია, უცხოეთიდან შემცირებული ფულადი გზავნილები, ერთი სიტყვით, ეკონომიკური სტაგნაცია.
"საქსტატმა" ივნისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად წინა თვეში წლიურმა ინფლაციამ 6.1% შეადგინა. ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით ფასების ცვლილება ასეთია:
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე (46.5 პროცენტით), რძის ნაწამზე და კვერცხზე (17.2 პროცენტით), თევზეულზე (15.8 პროცენტით). გაძვირებულია ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტით), ზეთი და ცხიმი (13.5 პროცენტით), ხორცი და ხორცპროდუქტები (13.1 პროცენტით), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.6 პროცენტით), პური და პურპროდუქტები (10.0 პროცენტით), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.3 პროცენტით).
10 ყველაზე გაძვირებული პროდუქტი კი, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასი 2020 წლის ივნისში ასე გამოიყურება: წიწიბურა - ფასი გაიზარდა 122,8%-ით, ვაშლი - 95,6%-ით, საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68,3%-ით, ლიმონი - 49,8%-ით, მწვანე ლობიო - 48,9, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 48,1%-ით, ნიორი - 47,4%-ით, ფორთოხალი - 44,4%-ით, ყურძენი - 40,6%-ით, კივი - 40,0%-ით.
ფასების ზრდა მაშინ, როცა მოთხოვნა შემცირებულია ლოგიკურად არ მიაჩნია სტისტიკოს, სოსო არჩვაძეს. მისი მოსაზრებით, ეს ეკონომიკური ფაქტორებით არ არის განპირობებეული.
"პანდემიას ვერაფრით დაბრალდება, ძირითად სასაქონლო ჯგუფებზე ფასის მატება. კორონავირუსმა გამოიწვია ის, რომ გლობალური მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც შემცირდა მოთხოვნა და მიწოდებაც. ასეთ პირობებში, ფასების ზრდის მოთხოვნის ფაქტორი, ფაქტობრივად, აღარ არის, რადგან ადამიანს თუ არ გააჩნია საკმარისი შემოსავალი, მას არ ექნება დამატებითი მოთხოვნა და ამ მოთხოვნის ხარჯზე ვერ მოიმატებს ინფლაცია.
ფასების ზრდა ზოგადად და განსაკუთრებით ასეთ პირობებში ნაკლებადაა დამოკიდებული ეკონომიკურ ფაქტორებზე, რადგან კორონავირუსის პანდემია ეკონომიკური წარმომავლობის არ არის. მისი მაჩვენებლი დამოკიდებული იქნება იმაზე, გვექნება თუ არა მეორე ინფექციის ტალღა”, - განუცხადა,,რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.