
კორონავირუსმა ამჯერად უკვე დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროს შეუტია, თუმცაღა ქვეყნები, რომლებსაც ეგონათ, რომ ვირუსი უკვე დაამარცხეს ე.წ. მეორე ტალღის წინაშე აღმოჩნდნენ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ მსოფლიო მის წინაშე უძლური ხდება.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 11 მილიონს გადააჭარბა, ვირუსის დაწყებიდან დღემდე კი გლობალური მასშტაბით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
შეერთებულ შტატებში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ინფიცირებულთა რიცხვი კი სამ მილიონამდეა.
ინფიცირების რიცხვი რეკორდულ ნიშნულზეა სამხრეთ ამერიკაშიც, კერძოდ, ბრაზილიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მილიონ ნახევარს გადააჭარბა,რთული სიტუაციაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ-19-სგან დაზარალებულ სახელმწიფოებს სიტუაციის გაკონტროლებისკენ და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.
„ძალიან ბევრი ქვეყანა აიგნორებს იმას, რასაც მონაცემები ეუბნება. ხალხი უნდა გამოფხიზლდეს. მონაცემები არ ტყუის,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ რაიანი.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კორონავირუსის წინაშე მსოფლიოს უძლურობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.
„მსოფლიო ამ ვირუსის წინაშე უძლური პირველ რიგში იმიტომ აღმოჩნდა, რომ ახალი ვირუსია და იმუნური ფენა არ არსებობს - ანუ, არ არსებობდა ადამიანი, ვისაც ეს დაავადება გადატანილი ექნებოდა. მეორე ის, რომ ეს საკმაოდ გადამდები ვირუსია, რომელიც კონტაქტური და წვეთოვანი გზით გადადის.
„მესამე რიგში იმიტომ, რომ რადგან ეს ახალი ვირუსი იყო, თავდაპირველად მსოფლიოს მაინც შესაბამისი ინფორმაცია არ ჰქონდა, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და რა თქმა უნდა, როდესაც ახალ დაავადებასთან გვაქვს საქმე შესაძლებელია, რომ დროული და სწრაფი და დროული რეაგირება ვერ მოახდინა, რამაც ამ დაავადების ასეთი მაღალი გავრცელება გამოიწვია.
„თუმცა, ამ ვირუსის შესწავლა ნელ-ნელა უკვე ხდება, უკვე შესაძლებელია, რომ მალე ვაქცინაც შეიქმნას და ამიტომ კორონავირუსს მთელი მსოფლიო ნელ-ნელა ერთად დავამარცხებთ.
„ევროპის რეგიონში ვირუსი საკმაოდ შემცირებულია, მაგრამ ამერიკის კონტინენტზე იზრდება, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში, სადაც ახლა ზამთრის სეზონია, ამიტომ ეს ბუნებრივიც იყო, რომ თუ თავიდან კორონავირუსმა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შეუტია, ახლა ძირითადი დარტყმა სამხრეთ ნახევარსფეროზე მიდის.
„ამაში რაღაცა საგანგაშო არაფერი არაა, ძალიან კარგია, რომ ლეტალურმა, ანუ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საკმაოდ დაიკლო. საქართველოს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ თუ მძიმე პაციენტების წილი პირველ თვეებში შედარებით მაღალი იყო, ახლა ბევრად შემცირებულია - ფაქტიურად განახევრებულია.
„შესაძლებელია, რომ მეორე ტალღა იყოს, თუმცა ამაზე ზუსტი ინფორმაცია არავის არ აქვს, ეს მხოლოდ ეპიდემიოლოგიური გათვლებია, რომელიც ან გამართლდება, ან არა. მე ვვარაუდობ, რომ მეორე ტალღა ბევრად უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე პირველი იყო."-განაცხადა გოგინავამ.
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11 მილიონს გადასცდა, მისი აზრით, მაინც ძალიან ცოტაა ინფორმაცია იმისთვის, რომ კოვიდ-19-ზე რაიმე პროგნოზი გააკეთო.
„იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში თითქმის 11 მილიონს უახლოვდება, ან შესაძლოა მეტიცაა, იმის მიუხედავად, რომ ამ ვირუსის თვისებების დადგენაზე ძალიან ბევრი კვლევითი დაწესებულებები, ორგანიზაციები, ლაბორატორიები მუშაობენ, სამწუხაროდ ჯერჯერობით ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს.
„არ ვიცით ეს ვირუსი როდის, როგორ მოიქცევა, რას გააკეთებს. ახლა მოდის ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრ მუტაციას განიცდის, ვირუსი რა არის, ანუ ესაა დნმ-ის, ან რნმ-ის სტრუქტურა, რომელიც მუდმივად იცვლება, როგორც ამბობენ და როგორც კვლევებიდან ჩანს (მე ამ კვლევებში მონაწილეობას არ ვიღებ), იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ამის მერე რაღაცის წინასწარმეტყველება ძალიან ძნელი ხდება.
„ამბობდნენ, რომ ზაფხული მოვა და გადაივლის და ა.შ., მე მაშინაც ვამბობდი, რომ ეს ე.წ. კორონავიურუსი, არც მისი წინამორბედები „სარსი" და „მერსი", პირიქით ჰაერის მაღალ ტემპერატურაზე არ მოქმედებენ, „მერსი"-რომელიც ასევე კორონავირუსია, ოღონდ სხვა ტიპის, საუდის არაბეთში გაჩნდა, სადაც ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსზე ნაკლები არაა.
„ზუსტად იმიტომ ვართ უძლურები, რომ ჩემი აზრით ამ ვირუსზე სრულყოფილი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგალითად ებოლას ვირუსს რამდენი ხანია ებრძოდნენ და ვაქცინა მხოლოდ 2019 წლის ბოლოს გამოიგონეს. რამდენი წელია ებოლას დასავლეთი და ცენტრალური აფრიკის ქვეყნები ებრძოდნენ და თან გადადების მომენტი და სიკვდილიანობა უზარმაზარი იყო, უზარმაზარი თანხები ჩაიდო, რომ ვაქცინა შეექმნათ.
„ძალიან ხშირად მოჰყავთ ხოლმე „ისპანკას" მაგალითი,რომელიც 1918 წელს დაიწყო და 1921-22 წლებში მორჩა და რომელმაც მინიმუმ 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან გამომდინარე, ალბათ საბოლოოდ შევეჩვევით, გამომუშავდება იმუნიტეტი, გამოგონებული იქნება ვაქცინაც, მაგრამ ჯერჯერობით ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება გვიწევს, ზოგჯერ ის მოგვიგებს, ზოგჯერ ჩვენ მოვიგებთ.
"მუდმივად სახლში ვერ ვიჯდებით და მუდმივად „დარჩი სახლში" ვერ იქნება იმიტომ, რომ მაშინ ქვეყანას სიღარიბის და შიმშილის პრობლემა დაემუქრება, თუმცა როგორც კი გაიხსნა მსოფლიოში რაოდენობამ ისევ აიწია. იგივე ესპანეთი, იტალია, ისრაელი, აქ ეკონომიკა, ტურიზმი რაღაცა მიმართულებებით გაიხსნა და რაოდენობამ ისევ მოიმატა.
„თუმცა ამბობენ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, იქ უფრო მეტი ადამიანი იქნება იმუნიტეტით და იმ ქვეყანაში, სადაც არ იყო, შესაძლოა უფრო გართულდესო, მაგრამ ეს ყველაფერი ვარაუდია.
„მთელს მსოფლიოში, ამდენი გამოჩენილი მეცნიერი, ამდენი ეპიდემიოლოგი კორონავირუსზე მუშაობს, სამწუხაროდ ვერავინ ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებს, ესაა ამ ვირუსის საიდუმლო. თუმცა საიდუმლოს ვერ დავარქმევდი ჯერჯერობით ვირუსის დაწყებიდან ცოტა დროა გასული და ალბათ ჯერ ინფორმაცია საკმაოდ ცოტა გვაქვს, რომ პროგნოზირება გავაკეთოთ" - განაცხადა სურგულაძემ.