
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არასრული ოთხი თვეა დარჩენილი, პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო აქტივობები მეტ-ნაკლებად უკვე დაიწყეს, ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით არცერთი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არანაირ სიახლეს არ სთავაზობს, თუმცა აქვე დასძენენ, რომ ამისი რესურსი პარტიებს გააჩნიათ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზსონანსთან" ამბობს, რომ ჯერჯერობით მმართველი გუნდი და „გაერთიანებული ოპოზიცია" ერთმანეთთან დაობენ, ხოლო „ლელო" კი მისი აზრით, დღესდღეობით ამომრჩევლისთვის სიახლის შეთავაზების მხრივ არ აქტიურობს.
„ჯერჯერობით ამომრჩეველს არავინ არაფერს არ სთავაზობს, ჯერ მხოლოდ ის ლაპარაკი მიდის, რომ ხელისუფლება ცუდია, ოპოზიცია კი გარკვეული გამონაკლისების გარდა, ჯერჯერობით ერთმანეთთან ან დაობს და ან არის დაპირება, რომ ჩვენ უკეთესები ვიქნებითო - მაგრამ რეალურად ვინ რას ჰპირდება და ეს დაპირებები რამდენად რეალურია, ეს ალბათ უნდა გამოჩნდეს.
„ვხედავ „ქართული ოცნება" რასაც აკეთებს, როგორც საქმიანობს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, მივიჩნევ, რომ მმართველი გუნდი უნდა შეიცვალოს, მაგრამ ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ დაბრუნდეს.
„იმიტომ, რომ დღესდღეობით რაც საკეთებელია არც „ქართულ ოცნებას" და არც „ნაციონალურ მოძრაობას" ის არ გაუკეთებიათ. რაღაც წარმატებები შესაძლოა ორივეს ჰქონდა, მაგრამ ორივე ერთსა და იმავე სივრცეში ტრიალებს, ამიტომ ამ ჭაობიდან თავის დასაღწევად საჭიროა, რომ შესაბამისი სახელწიფო მექანიზმები შეიქმნას, რასაც დემოკრატიული სტრუქტურები ჰქვია.
„ამაში მოიკოჭლებს ერთიც და მეორეც. „ნაციონალებს" დემოკრატიასთან საერთო არაფერი ჰქონდათ, რეპრესიული რეჟიმი და სისტემა ჩამოაყალიბეს, „ქართულმა ოცნებამ" სისტემა გადაიბარა და მართალია მისი ქმედებები „ნაცმოძრაობისგან" განსხვავდება, მაგრამ სისტემა სისტემაა.
„ამიტომ ამ სისტემის შეცვლას მოსახლეობას და ქვეყანას ჯერჯერობით არავინ არ სთავაზობს. სხვაგვარად ამ ჭაობიდან ამოსვლა როგორი იქნება, ჩემთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია, ამიტომ მოლოდინი მინდა მქონდეს, რომ მესამე ძალა, რომელიც არა მხოლოდ „ლელო", არამედ კომპლექსური მესამე ძალა, ამ მხრივ რაღაც უფრო სიახლეს შემოგვთავაზებს, რომ სტრუქტურული რეფორმები იყოს, ვნახოთ რა იქნება, ჯერჯერობით არც არავინ არაფერს არ გვთავაზობს.
„ლელოში" საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელსაც საკმაოდ პოზიტიური წარსული აქვს, სწორედ იმ მიმართულებით, რომ სახელწიფოში დამოუკიდებელი დემოკრატიული სტრუქტურები შექმნილიყო და ქვეყანა ინსტიტუტებს ემართათ და არა პიროვნებებს, მაგრამ მათ საშუალება რამდენად ექნებათ, რომ ამის რეალიზაცია მოახდინონ, ან მათი პოზიციები „ლელოში" გაერთიანების შემდეგ რამდენად მყარია, ეს ჯერჯერობით არ ვიცი. "ლელოს" მხრიდან ზოგადი ლაპარაკია, რომ ჩვენ გავაკეთებთო, ოღონდ რას გააკეთებენ, ეგ არ ვიცი."-განაცხადა ძაბირაძემ.
კონფლიქტოლოგი და შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ამომრჩევლისთვის ახლის შეთავაზების რესურსი ხელისულებას აქვს, თუმცა არ ინდომებს.
„ამომრჩევლისთვის სიახლის შეთავაზების რესურსი არის, მაგალითად ხელისუფლებას აქვს იმის, რესურსი, რომ საზოგადოებას კრიტიკულ სიტუაციიდან გამოსავალი შესთავაზოს და ამას არ აკეთებს და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკობს, ეს ძალიან ცუდი მესიჯია.
„ანუ, პრაქტიკულად გამოდის, რომ „ქართული ოცნება" (ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი) თავის დროზე კი მოვიდა იმისათვის, რომ ოპოზიციას დახმარებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მარწუხებიდან საქართველო გაეთავისუფლებინა, მაგრამ 8-9 წლის თავზე, აღმოჩნდა, რომ „ოცნებამ" „ნაცმოძრაობა" არათუ პოლიტიკიდან ვერ მოაცილა, არამედ ახლა ხალხს სთხოვს, რომ „ნაცმოძრაობის" მოცილებაში დამეხმარეო, თუ თავის დროზე მათ გაშვებაში ხალხს დაეხმარა, ახლა ხალხს სთხოვს.
„ანუ, პრაქტიკულად „ქართულმა ოცნებამ" მთავარი ამოცანა ვერ შეასრულა. ერთადერთი მიზეზის გამო, მან ის კოალიცია დაშალა, რომელსაც შესწევდა უნარი, რომ „ნაცმოძრაობას" პოლიტიკურად გასწორებოდა. მაგრამ დღეს მაშინ როცა ქვეყანაში სიღარიბის, ეკონომიკური და სხვა უამრავი პრობლემებია, მათ შორის საერთაშორისო გამოწვევები, ამ ფონზე „ოცნება" მხოლოდ ნაცმოძრაობაზე ლაპარაკობს.
„მხოლოდ ლაპარაკობს იმაზე, არის თუ არა ვიღაცა პოლიტპატიმარი, ან რატომ ჩავარდა თუ არ ჩავარდა კანონპროექტი. ანუ არ საუბრობს არაფერ პრობლემებზე, ძალიან სანიმუშო მაგალითია, კვირიკაშვილი გაუშვეს იმიტომ, რომ სიღარიბეს ვერ გაუმკლავდა, კი ბატონო მჯერა, რომ სიღარიბე ძალიან მძიმე პრობლემაა, მაგრამ მერე ბახტაძე ისე მოვიდა და წავიდა, რომ სიტყვა სიღარიბე არ უხსენებია.
„ახლა გახარია წარმატებულ პრემიერად ითლება და როგორც ასეთი, ტერმინი სიღარიბე არ უხსენებია, ანუ მაშინ რატომ გაუშვეს კვირიკაშვილი? ანუ მმართველი გუნდი ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საერთოდ არ ლაპარაკობს, თუმცა კვირიკაშვილი ამ მნიშვნელოვანი თემის გამო გაუშვეს. ანუ აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება" ამომრჩეველს არაფერს ახალს არ გვთავაზობს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის" გაშვებისა.
„ნაციონალური მოძრაობაც" ამას ლაპარაკობს, საუბრობს მხოლოდ იმას, რომ ოლიგარქი ივანიშვილი უნდა გავუშვათო, ვთქვათ გაუშვა, მერე რას აპირებს? ანუ, არც ფიქრობენ, რომ თავიანთი წარსული გადააფასონ, რომ ის, რაც ჩაიდინეს, ეს საშინელება იყო, რაზეც „ოცნება" სპეკულირებს და ესენი არც კი ცდილობენ თქვან, რომ ეს ასე არ იქნება, ანუ საზოგადოებას არ ეუბნებიან, რომ რაებს ლაპარაკობს „ქართული ოცნება" როგორ გეკადრებათ ჩვენ შევიცვალეთ, ჩვენ ფერიცვალება განვიცადეთო, არა! თავს არც კი იმართლებენ.
„მეტიც, ხალხი, ვინც საშინელ ამბებს სჩადიონდენ, მუდმივად ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრის იარლიყი ჩამოჰკიდონ, ანუ, მოხოლოდ თავის თავზე ფიქრობენ და მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე" ლაპარაკობენ, ანუ, მხოლოდ ერთმანეთზე ლაპარაკობენ არც ერთი და არც მეორე მხარე ქართულ მოსახლეობას ახალს არაფერს არ სთავაზობს" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, „ლელომ" გარდა იმისა, რომ არც ყოფილი და არც არხლანდელი ხელისუფლების პოზიციებს არ იზიარებს, ამომრჩეველს რაღაც ახალი უნდა შესთავაზოს.
„ლელო" მესამე ძალააო და მესამე გზა ვარო რას ნიშნავს, რაში გამოიხატება მესამეობა, გარდა იმისა, რომ მე არც „ნაციონალური მოძრაობა" და არც „ქართული ოცნება" არ ვარ, რა ვარ მე - იმას არ ამბობს.
"ანუ ამომრჩეველს თავისი თავი რაღაცით ხომ უნდა შესთავაზოს, ანუ ახლა უნიკალური სიტუაციაა, როცა მსოფლიოში ტურისტული კონცეფცია ჩავარდა, ანუ ქართულ საზოგადოებას უნდა შესთავაზოს ეკონომიკის დარგის აღორძინება გარდა ტურიზმისა, მაგალითად სოფლის მეურნეობა, ფრმერების წახალისება, უამრავ თემეზე შეიძლება იყოს ლაპარაკი და კაციშვილი არავინ არ საუბრობს.
„ყველა თავის თავზე ლაპარაკობს და მგონია, რომ ეს არჩევნები ყველაზე უფრო პოლიტიკურად ანგაჟირებული იქნება, როცა არავის სახელმწიფო არ ადარდებს და მხოლოდ და მხოლოდ ადარდებს ის თუ თვითონ წარმატების მიღწევას სხვის ხარჯზე როგორ მოახერხებს.
„არავითარი თანამშრომლობა არაა, სანიმუშო მაგალითია, როცა „ევროპულმა საქართველომ" (რომელიც გულზე სულ არ მეხატება) კონტიტუციის ცვლილებების დროს შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და პირველ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, ანუ სიტუაცია გადაარჩინა, მან ხომ არ იცოდა, რომ „ქართული ოცნება" საკმარის ხმებს აგროვებდა.
„იმის ნაცვლად, რომ „ოცნებას" ეს შემხვედრი ნაბიჯი დაეფასებინა, უცებ დასცინეს და თქვეს, რომ კენჭისყრაში მაგათ მონაწილეობას რა აზრი ჰქონდაო, მაინც ჩვენი გაგვქონდაო. მერე „ნაცმოძრაობამაც" თქვა, რომ მონაწილეობა რომ მიმეღო მაინც არ დააფასებდნენო, ანუ „ოცნებამ" უნიკალური შანსი ვერ გამოიყენა, რომ „ევროპული საქართველოს" მიმართ შემხვედრი ნაბიჯი გადაედგა, დაეფასებინა და თანამშრომლობაში და ერთიან პოლიტიკაში ჩაება.
„ჩვენ ხშირად ვამაყობთ ხოლმე, რომ ამერიკაში საქართველოს სასარგებლოდ ორპარტიული რეზოლუცია მიიღესო, ანუ იქ საქართველოსთვისაც კი ერთიანდებიან ხოლმე და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრება, რომ ჩვენ ჩვენივე სამშობლოსთვის ვერ ვერთიანდებით ხოლმე (ორპარტიულ და სამპარტიულ სისტემაში), იმ ამერიკული სტანდარტებისგან, რასაც ასე ხშირად ვესწრაფით ხოლმე, ძალიან შორს ვართ."- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
"მგონია, რომ ეს არჩევნები ძალიან პრიმიტიულობის გამოვლენა და ერთმანეთისთვის ღვარძლის, ბოღმის ტალახის სროლა იქნება და არავითარ სიახლეზე და პერსპექტივაზე ლაპარაკი არ იქნება.
"ალბათ, არჩევნების შემდეგ პოლიტიკური სიტუაცია კრიზისში შევა, ალბათ დაძაბულობა გაიზრდება, ისევ ერთმანეთს წაეკიდებიან და ალბათ სადღაც ერთი წლის თავზე შესაძლოა კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოგვიწიოს, მე ასე ვფიქრობ" - თქვა ზაქარეიშვილმა.