საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ უგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ინფორმაციის გაცვლისთვის და მიმოსვლის აღდგენისთვის. მისი განცხადებით, უნგრეთი არის პირველი ქვეყანა, რომელის მოქალაქეებსაც შეეძლებათ საქართველოში ჩამოსვლა.
„ევროპაში სტანდარტებით გათვალისწინებულ 100 ადამიანზე ყველაზე ნაკლები ინფიცირებულია საქართველოში. უნგრეთსაც ძალიან დიდი წარმატება აქვს ამ სფეროში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალშიც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმით შევინარჩუნოთ მიღწევები.
"შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრის გახსნის სფეროს საკითხებს. უნგრეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის მიზნით. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა პანდემიის დროს. უნგრეთიდან დიდი რაოდენობის მედიკამენტი შემოდის საქართველოში", - განაცხადა პიტერ სიარტომ.
„რესონანსთან" საუბრისას ეპიდემიოლოგმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტების ქონა ტურისტების მიღების განმსაზღვრელი არაა. მათ გამოფრენამდე უნდა ჩაუტარდეთ PCR ტესტი.
„სწრაფი ტესტების არსებობა ტურისტების შემოწმების მთავარი განმსაზღვრელი არ არის. არსებობს PCR კვლევა, რომლითაც უნდა შემოწმდეს ადამიანი სანამ ის გამოფრინდება. რადგან უნგრეთი უსაფრთხო ქვეყანაა და ე.წ. „მწვანე ზონაშია", დიდი ალბათობით უნგრეთიდან ადამიანების შემოსვლა არანაირ პრობლემას არ შექმნის", - ამბობს გოგინავა.
მისი თქმით, დაავადების გავრცელების თეორიული რისკები არსებობს, თუმცა ძალიან დაბალი. ამიტომ, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენას ხელს არაფერი უშლის.
„ევროპის და „მწვანე ზონის" ქვეყნები ამ პრინციპით სარგებლობენ. სანამ წამოვლენ 24 საათით ადრე ხდება მათი PCR კვლევა, როდესაც მიიღებენ უარყოფით პასუხს, შემდეგ უკვე ამ საბუთით იღებენ უფლებას, რომ გაემგზავრონ.
"უნგრეთთან მსგავსი შეთანხმება თუ არა საქართველოს დადებული და ზუსტად ამ პრინციპით გაკონტროლდება თუ არა ეს საკითხი, არ ვიცი, მაგრამ ამის პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში და საკმაოდ წარმატებულიც.
"პლუს ამას, იმ ქვეყნებში სადაც დაბალი გავრცელებაა და მათ მიეკუთვნება უნგრეთიც, რა თქმა უნდა, თეორიული რისკები არსებობს, თუმცა ძალიან დაბალი, რაც ხელს არ უშლის იმას, რომ აღდგეს ჩვეულებრივი ტურისტული მიმოსვლა", - აღნიშნა გოგინავამ.