თუკი 10 მუშახელი გადის საქართველოდან, მათ ნაცვლად შემოდის 8 მოქალაქეობის არმქონე პირი
ირაკლი ლომიძე
06.07.2020

 საქართველოდან იაფი მუშახელის გადინება ქვეყნისთვის უდიდეს პრობლემად რჩება. მართალია, კორონავირუსის გავრცელებამ ეს პროცესი შეაჩერა, მაგრამ როგორც კი საფრთხე გადაივლის, ემიგრაციის მასშტაბი გაიზრდება, რის შესახებაც სპეციალისტები აქედანვე გვაფრთხილებენ. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოდან სამუშაო ძალის გასვლის პარალელურად სულ უფრო და უფრო მატულობს იმ უცხოელი მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დასაქმების მიზნით ჩამოდიან. თუკი 10 მუშახელი გადის საქართველოდან, მათ ნაცვლად შემოდის 8 მოქალაქეობის არმქონე პირი. ტენდენცია მზარდია და არსებობს რისკი, რომ შემომსვლელთა რიცხვმა გამსვლელთა რაოდენობას გადააჭარბოს.

როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადა, უცხოელი მოქალაქეები, ძირითადად, ,,მოჰყვებიან“ იმ პროექტებს, რომლებსაც ინვესტორები საქართველოში ახორციელებენ, თუმცა მზარდია მათი რიცხვიც, რომლებიც  თვითდინებით შემოდიან და დასაქმებას ნებისმიერი პირობით თანხმდებიან, ოღონდაც ქვეყანაში ცხოვრების უფლება მოიპოვონ.

"ანაზღაურება დაბალია, ეს არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ხალხი სამუშაოს საძებნელად საზღვარგარეთ გადის. მეორე პრობლემაა ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში დასაქმების იმედით, მათ შორის ჩინეთიდან, ირანიდან, ინდოეთიდან  და თურქეთიდან. მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, აქაური ხელფასი აკმაყოფილებთ თუ არა, მაგრამ მათ წარმომადგენლებს აქვთ საქართველოში დიდი პროექტები. მაგალითად, საგზაო პროექტები, რომლებზეც ბევრი უცხოელია დასაქმებული. ინვესტორებს მოჰყავთ თავიანთი მუშახელი და ეს ხალხი კმაყოფილია იმ ხელფასით, რასაც დასაქმებული უხდის. 

გარდა ამისა, ისედაც თვითდიონებით, ათასი გზით მოდიან ადამიანები და აინტერესებთ აქ ცხოვრება, რისთვისაც ნებისმიერი შრომის ანაზღაურებას თანხმდებიან. მომავალში ისინი შეეცდებიან შეისწყიდინ საკუთრება და დამკვიდრდნენ საქართველოში. ბალანსიც უკვე გამაოგნებელია: დაახლოებით 5-6 წლის წინ თუ გადიოდა 10 ქართველი და შემოდიოდა 2 უცხოელი, ახლა ათი რომ გადის, შემოდის - 8. თითქმის მთლიანად ითვისებენ ჩვენს სამუშაო ადგილს და პოტენციალს“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.

აკადემიკოსის თქმით, ,,იაფი“ ყოველთვის არ ნიშნავს პირდაპირი გაგებით ხელსაყრელს, რადგან საქართველოში დასაქმებულ უცხოელთა ხელფასები ბევრად არემატება იმ დონეს, რასაც დამსაქმებლები ანალოგიურ სამუშაოზე ადგილობრივ დასაქმებულს უხდიან. 

,,ქვეყნები ახალისებენ საკუთარ მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ აქ და იმუშაონ, რაშიც ხელს უწყობენ. ზოგს საკუთარი პროექტიც აქვს და დამატებითი ანაზღაურებასაც იღებს. საკმაოდ კარგ პირობებში არიან, ამიტომ შეიძლება იქამდეც მივიდეს საქმე, რომ ქვეყნიდან წასულ ჩვენს თანამემამულეებს აღემატებოდნენ ისინი, რომლებიც აქ შემოდიან სამუშაოდ. სასწარფოდ არის საჭირო ჩვენი მოქალაქეების გადამზადება, რომ დასაქმება გაუმარტივდეთ. რეგულაციებიც უნდა გამკაცრდეს, მაშინ უფრო კონკურენტული გავხდებით ჩვენივე სამუშაო ძალებით“, - აღნიშნა სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

სამუშაო ძალის გადინებაზე საუბრობს დემოგრაფი ავთო სულაბერიძე, რომლის თქმითაც, აუცილებელია უცხოელ ინვესტორებთან ხელშეკრულებები გადაიხედოს და მკაცრად მოეთხოვოთ ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმება. მართალია, ეს ვალდებულება არსებობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადრება არ ექცევა, რაც კონტროლის შესუსტებას უკავშირდება. ახლა ეპიდემიური სიტუაციის გამო გადინება თითქმის შეჩერებულია და ამ მდგომარეობის შენარჩუნება როგორმე უნდა მოხერხდეს, რისთვისაც დასაქმების მეტი შესაძლებლობა უნდა გაჩნდეს.

,,ეპიდემიამდელ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, 10 ათასს აღწევდა გასულთა რაოდენობა იმასთან შედარებით, ვინც დასაქმების მიზნით შემოდიოდა საქართველოში. მაგალითად, 90 ათასი ადგილობრივი თუ გადიოდა წლის განმავლობაში, 80 ათასი უცხოელი შემოდიოდა. ეს უკვე საკმაოდ მძიმე სურათია და შეიძლება არასასურველი მაჩვენებელი კიდევ გაიზარდოს. ახლა მიგრაცია შეჩერებულია ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. 

ძირითადად შრომისუნარიანი მოქალაქეები მიდიოდნენ. ბოლო წლებში 5-ჯერ გაიზარდა საქართველოდან გამსვლელთა რაოდენობა. ეს განაპირობა უმუშევრობამ, დასაქმების უპერსპექტივობამ, რაც ქვეყანაში ყოველთვის პრობლემაა. 

წელს რა სიტუაცია იქნება, ჯერ კიდევ არ ვიცით, მაგრამ არის რისკი, რომ ხალხი სამუშაოდ ისევ წავიდეს უცხოეთში. უკან დაბრუნება არავის უნდა. თუკი ვინმე სამშობლოში დაბრუნდა, ძირითადად, სასწავლებლად წასული ახალგაზრდობაა. სამუშაო ძალა, როგორც ასეთი, უცხოეთში მიზამიმართულად დასაქმებისთვის მიდის და ყველა შესაძლებელი მეთოდით ცდილობს იქ დარჩენას“, - განაცხადა სულაბერიძემ და დასძინა, რომ მთავრობამ უნდა შეიმუშავოს პროტექსიონისტული პოლიტიკა, რაც შიდა ბაზრის დაცვას შეუწყობს ხელს. 

,,პროფესიული კადრის მომზადება მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გარკვეული პროფესიული უნარ-ჩვევები შეიძინოს და შეძლოს დასაქმება თუნდაც იმ პროექტებში, რომლებსაც მსხვილი ინვესტორები აწარმოებენ საქართველოში. უცხოელ დამსაქმებელს ყოველთვის თავისი ქვეყნის მოქალაქეები ჩამოჰყავს და ეს პრობლემას უქმნის ადგილობრივებს, რომლებსაც დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ. 

არის მეორე საკითხიც, ესაა კადრების დეფიციტი. მაგალითად, შემდუღებლრბის მწვავე დეფიციტი იყო და ამ პოზიციაზე სამუშაოდ ინდოეთიდან ჩამოჰყავდათ ხალხი წლების განმავლობაში. ამ პროფესიაზე მოთხოვნა გაჩნდა, მაგრამ კვალიფიკაციური კადრი არ გვყავდა. 

პროტექციონისტული პოლიტიკა უნდა გატარდეს, ხელშეკრულებებში უცხოელ ინვესტორს ვალდებულობად უნდა განესაზღვროს ადგილობრივების დასაქმება. თითქოს ასეც არის, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად ასრულებენ ამ პირობას დამსაქმებლები, რადგან ხშირია შემთხვევა, რომ სამუშაო ძალა კომპენიებს სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავთ. პრობლემა იყო ჩინელებთან დაკავშირებით, გვახსოვს კონფლიქტური სიტუაციაც, რაც ქართველების დასაქმების ცუდ პირობებს უკავშირდებოდა. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი სახელმწიფო პოლიტიკა გატარდეს და ინვესტორებს პირობების შესრულება მკაცრად მოეთხოვოთ. 

ახლა, ეპიდემიის პირობებში, მსოფლიოში საინვესტიციო მიმართულებები გადაეწყობა და რას შევთავაზებთ საკუთარ მიოქალაქეებს, ეს საბოლოოდ მთავრობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. მნიშვნელოვანია შიდა ბაზრის დაცვა. უცხოეთის მოქალაქეების ზრდამ შეიძლება მიგვიყვანოს მოსახლეობის სიჭრელემდე. პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ,,კოვიდ 19“-მა შეუშალა ხელი“, - განუცხადა ავთო სულაბერიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×