"უკვე აქაც გართულდა თავის გატანა და თან ზამთარში კიდევ ერთი ჩაკეტვის ყველას ეშინია"
ნინა გარდაფხაძე
06.07.2020

პანდემიის გამო ყველა სფეროს და ყველა ქვეყნის ფინანსურ ზარალს, უცხოეთში მომუშავე ქართველი ემიგრანტების  უმუშევრად დარჩენა მოჰყვა. მათი ნაწილი ახლა გეგმავს სამშობრლოში დაბრუნებას, როგორც კი რეგულარული რეისები აღდგება, ნაწილი კი სპეცრეისებით უკვე დაბრუნდა. ქართულ ემიგრაციას რომ ძალიან გაუჭირდა, ამის გაზომვა ციფრებითაც შესაძლებელია. შარშანდელთან შედარებით, 42.3%-ით არის ფულადი გადმორიცხვები შემცირებული. 

მთავრობაში ჯერ ვერ ამბობენ, როდის აღდგება ევროპის სახელმწიფოებთან მიმოსვლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა პირდაპირ განაცხადა, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ეს ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. 

"მინდა, გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი. ეს არის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაცია საკუთარი წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ 15 ქვეყანა და მათ შორის, საქართველო, არის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი. მათთან მიმოსვლა და ამ სახელმწიფოებიდან, ანუ საქართველოდანაც მგზავრების მიღება უსაფრთხოა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ამას ვაფასებთ და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ხელისულფებამ და ჩვენმა მოქალაქეებმა შევძელით, მნიშვნელოვანი შედეგისთვის მიგვეღწია კოვიდ-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით და ამას მოჰყვა საერთაშორისო აღიარება", - ამბობს ჩიქოვანი, თუმცა მისი სიტყვები საზღვრების გახსნას ვერაფრით აჩქარებს. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებთანაც კი მიმოსვლა მინიმუმ 1-ელ აგვისტომდე შეჩერებულია. 

პარალელურად საქართველოში, პანდემიის დროს დაბრუნებული ემიგრანტები აქციებს მართავენ. პროტესტს გამოთქვამენ იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებიც, რომლებსაც დაბრუნება სურთ უცხო ქვეყნებიდან სამშობლოში, თუმცა ამას ვერ ახერხებენ საზღრების ჩაკეტვის გამო. როგორც ჩანს, პანდემიის პირობებში ევროპის წამყვან სახელმწიფოებშიც კი, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტია, იმდენად გაჭირდა, რომ იქ მყოფი ადამიანები დაბრუნებას ითხოვენ უმუშევრობისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო. 

ერთ-ერთი ასეთი საბერშნეთში მცხოვრები ქართველი მამაკაცია, რომელიც ,,ბიზნეს-რეზონანსს“ უყვება, რომ სანამ ფრენები იყო წამოსვლაზე არც კი უფიქრია, მაგრამ დღითი დღე სიტუაცია ისე მძიმდება, ახლა, სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. 

,,თავიდან, როცა პანდემია დაიწო და საქართველოში მოფირნავდნენ, მეგონა აზვიადებდნენ. მერე საზღვრები ჩაიკეტა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სპეცრეისი შესრულდა, სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია დაბრუნება. 2008 წლიდან საბერძნეთში ვცხოვრობ, რაღაცნაირად დავფუძნდი აქ და დიდად არც ვფიქრობდი ჯერ სამშობრლოში ჩამოსვლას. ვირუსით გამოწვეული ისტერიაც ზედმეტად მეჩვენებოდა. 

ახლაც მივიჩნევ, რომ კორონავირუსის შიშით ან კიდევ ერთი ჩაკეტვის გამო შეიძლება დავბრუნდე, მაგრამ როგორც კი რეისები აღდგება, ალბათ, წამოვალ. აქ გაჩერებას აზრი აღარ აქვს. ამიტომ 1 წლით მაინც ან იქამდე, ვიდრე საბერძნეთში სიტუაცია შიცვლება, უნდა დავბრუნდე სამშობლოში. ჯერ შიდა ეკონომიკურმა კრიზისმა და ახლა პანდემიამ ისეთი რთული ვითარება შექმნა, ჩვენ კი არა ადგილობრივები ვერ პოულობენ სამუშაოს“, - განაცხადა ემიგრანტმა.

არიან ისეთებიც, რომლებმაც სპეც რპეისებით სამშობლოში დაბრუნება მოასწრეს, თუმცა ახლა ვერ გადაწყვიტეს წავიდნენ თუ არა იმ ქვეყნებში, სადაც ბოლო წლებში ლეგალურად ცხოვრობდნენ.

,,ჩემს შვილთან ერთად, მიუნხენში წლები გავატარე. პანდემიის დასაწყისში გამოვფრინდი საქართველოში იმ იმედით, რომ რეისების აღდგენისთანავე დავბრუნდებოდი, თუმცა ახლა აღარ ვიცი რას ვიზამ. გერმანიაში საკმაოდ რთული ვითარებაა და არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემს შვილს დავაწვე სარჩენად. ამ ვითარებაში სამსახურის მოძებნა კი ნამდვილად გამიჭირდება. როგორც მეუბნებიან საკმაოდ გართულდა ეკონომიკური ვითარება“, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ია ნადარაიამ. 

თავისუფალი მიმოსვლა რომ შორეული პერსპექტივაა, 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის ძალაში დარჩენაც კარგი ინდიკატორია, თუმცა უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ესეც კი მისაღებია, განსხვავებით ტურისტებისაგან. 

ბარსელონაში მცხოვრები, მანანა მთივლიშვილი ამბობს, რომ პირველივე ჩანიშნული რეისით გეგმავს უკან დაბრუნებას, მიუხედავად ორი საკარანტინო კვირისა. ესპანეთში ვითარება, არა მხოლოდ მოხუცების მასობრივმა გარდაცვალებამ, არამედ ბიზნესის სრულად გაჩერების შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმაც დაამძიმა.

,,ახლა ჩემთვის მთავარია, ბილეთი ვიშოვო როგორმე და მეც მოვხვდე თვითმფრინავში. აღარ ვჩივი რომ ორი კვირა კარანტინში ვიქნები. აქ მოხუცებთან ვინც მუშაობდა, მარტო იმათ კი არ გაუჭირდათ, სხვებსაც. მე დალაგებებზე ვიყავი და ფაქტიურად საქმე აღარ მაქვს. ორი-სამი ადგილი დამრჩა, არადა თვეში 15 სხვადასხვა მისამართზე მიწევდა მისვლა. რთულია ასე აქ თავის გატანა და თან ზამთარში კიდევ ერთი ჩაკეტვის ისე მეშინია. პირველივე რეისს ველოდები, რომ დავბრუნდე“, - უთხრა "ბიზნეს-რეზონანსს" მთივლიშვილმა.

ემიგრანტების მძიმე მდგომარეობაზე და ამით გამოწვეულ სამშობლოში დაბრუნების სურვილზე საუბრობს, ამჟამად გემრმანიაში მცხოვრები, ანა მამისეიშვილიც, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობს და ამჟამად გოეთეს ცენტრის გაცვლითი პროგრამით იმყოფება ბერლინში.

,,სხვადასხვა დროს, საქართველოში მიგრანტთა საკითხებზე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუმცა მას შედეგ, რაც მე თვითონ ვცხოვრობ სხვის ქვეყანაში, მაინც უკეთ გავისიგრძეგანე ეს სირთულე. ის, რაც პანდემიამ გამოიწვია, მილიონობით ადამიანს და ბიზნესს შეეხო. აქაც დამძიმდა სიტუაცია, არადა გერმაინიამ, ჩემი აზრით ყველაზე სწორი გზით იარა, კოვიდ ინფექციასთან ბრძოლის საქმეში. ალბათ ბევრად უფრო რთულია ვითარება, შედარებით დაბალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, იგივე საბერძნეთში და სხვაგან. 

ბოლოს ყველაფერი მაინც ციფრებში იზომება. საქართველოში ფულადი გადარიცხვები რამდენით შემცირდება, ეს იქნება ყველაზე კარგი ინდიკატორი, თუ როგორ გაუჭირდათ ემიგრანტებს. ეს სამწუხარო პროცესი უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა ანა მამისეიშვილმა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში ქართულ კომერციულ ბანკებში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 42,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 79,1 მლნ დოლარი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×