„აირზენას“ თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და აქციების გამართვას გეგმავენ
ნინა გარდაფხაძე
07.07.2020

ქვეყნიდან გასული ავიაკომპანია საქართველოს მოქალაქეების შინ დაბრუნებაში მიიღებს მონაწილეობას. რატომ? ამას არავინ ამბობს. ფაქტია, გადაწყვეტილების გამოცხადება მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრა. სპეცრეისების შემსრულებელ კომპანიათა ჩამონათვალში არ არის ,,აირზენა”, რომლის თანამშრომლებიც, „რეზონანსის“ წყაროს ინფორმაციით, გაფიცვასა და აქციებს გეგმავენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ავიახაზები ღიად მხოლოდ გულისწყვეტას გამოხატავს, ,,რეზონანსს” სანდო წყარო უყვება, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა დაბნეულია, რატომ მიიღო სახელმწიფომ მსგავსი გადაწყვეტილება, თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და აქციების გამართვას აპირებენ. 

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ივლისში საქართველოში ათობით ემიგრანტის დაბრუნება იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, დაგეგმილია რამდენიმე ჩარტერული რეისი. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ფრენებს ორი ავიაკომპანია - „ვიზიარი" და „მაივეი" შეასრულებს. რაც შეეხება ბილეთის ფასს, როგორც ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, მაქსიმალური ღირებულება 200 ევრო უნდა იყოს.

არადა, სამშობლოში ემიგანტების დაბრუნებაზე ფაქტობრივი ექსკლუზივი აქამდე ,,ჯორჯიან ეარლაინზს” ჰქონდა, რომელიც პრემიერმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში სპეკულაციურ ფასებში დაადანაშაულა და შეახსენა, რომ ხელისუფლებას ამ დროს ქონების ექსპროპრეაციის უფლებაც კი აქვს. 

ამის შემდეგ თითქოს განიმუხტა კერძო კომპანიასა და მთავრობას შორის დაძაბულობა, მაგრამ ბოლოს ექსკლუზივი ქართულ კომპანიას მაინც ჩამოერთვა. 

ამ ეტაპზე სუბსიდირებული ჩარტერული რეისების განმახორციელებელ კომპანიებში „ჯორჯიან ეარვეიზი“ ვერ მოხვდა. ეს სცენარი, ალბათ, მოსალოდნელიც იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ: 

„რეისები უნდა შეასრულოს რამდენიმე ავიაკომპანიამ... უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც“, - მიმართა მინისტრთა კაბინეტს პრემიერმა, თუმცა იქამდე ამ საკითხზე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ყურადღება არ გაუმახვილებია, ყოველ შემთხვევაში - საჯაროდ. 

„გული გვწყდება, მაგრამ მთავრობისაც მესმის“, - ასე გამოეხმაურა ,,ჯორჯიან ეარლაინზის” დირექტორი რომან ბოკერია მედიაში გადაწყვეტილებას. მას ,,რეზონანსიც” დაუკავშირდა. ის მთავრობის ცვლილებებზე საუბრობს:

„ჩვენ ივლისში გვაქვს 11 კომერციული ჩარტერული რეისი, რაზეც მოგვცეს უფლება. მოგეხსენებათ, პარიზის რეისთან დაკავშირებით იყო პრობლემა, არ გვქონდა ნებართვა და ბილეთები ისე გავყიდეთ, მაგრამ ეს მოხდა იქამდე, სანამ აკრძალვა იქნებოდა... მოკლედ, მერე პარიზზეც მოგვცეს ნებართვა. ჯამში, 11 რეისს ვენის, ბერლინის, ამსტერდამისა და პარიზის მიმართულებებით შევასრულებთ. რასაკვირველია, გვწყდება გული, მაგრამ, პრინციპში, მთავრობისაც მესმის, რადგან უნდათ, კონკურენტული გარემო იყოს და სხვებიც იყვნენ. ჩვენც რომ ვყოფილიყავით, არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ რა ვქნათ“, - აღნიშნა ბოკერიამ.                                                                                                           ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემო მოსწონს საავიაციო სფეროს სპეციალისტ იასე ზაუტაშვილს, თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ უნგრეთის საგარეო უწყება ლობირებს ეროვნულ ავიახაზებს, რატომ არ აკეთებს იმავეს საქართველო. 

,,რასაკვირველია, ბაზარი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ამას მოითხოვს კომერცია. სხვა ავიაკომპანიებსაც უნდა მიეცეთ რეისების შესრულების უფლება მაშინ, როცა ავიასფერო ასეთ რთულ ვითარებაშია. აქ კითხვა მხოლოდ ერთი მიმართულებით ისმის - ხომ არ ხდება „აირზენას" ე.წ. დასჯა იმის გამო, რომ ვინმეს ფასი არ მოსწონს ან დამფუძნებელი? ძალიან აშკარად ისმის ეს მესიჯი მთავრობის მხრიდან ამ ბოლო დროს. მე არ გამოვდგები მათ ადვოკატად, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე დიდი გამოცდილების კომპანიაა და ამის გამოუყენებლობა სახელმწიფოს მხრიდან გაუგებარია. როცა ეს კომპანია ასაქმებს ბევრ საქართველოს მოქალაქეს, ამ ყველაფრის მერე, არ შეიძლება დასჯილი ბავშვივით ,,აირზენა” კუთხეში დააყენო. 

როცა  დოტაციაზე გყავს ორი უცხოური კომპნია და ამას მარკეტინგულ ხარჯად ასაღებ, ადგილობრივ კომპანიასაც უნდა დაეხმარო მით უფრო - ახლა, როცა პანდემიის გამო კომპანიები მიყოლებით კოტრდება და უნგეთის საგარეო უწყება, საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიის ლობირებისა და დაცვისთვის ჩამოდის ამ დროს საქართველოში, რატომ არ აკეთებს ამის მეასედს მაინც ჩვენი ხელისუფლება?“ - განუცხადა "რეზონანსს" ზაუტაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ,,ვიზიარის” ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო 6 ივლისიდან საქართველოს სტუმრობს. იგი პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, ვინც საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დროს ჩამოვიდა. სწორედ მისი ჩამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ სპეცრეისებს უნგრული ავიაკომპანიაც შეასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×