
ერთხელ გადადებული ავიარეისების აღდგენა და უცხოელი ვიზიტორების მიღებაზე შეზღუდვა, დიდი ალბათობით, ისევ გადაიწევს. მთავრობის ნაბიჯებითა და განცხადებებით უკვე გამოიკვეთა, რომ საერთაშორისო ტურისტული სეზონი აგვისტოდან ვერ დაიწყება. იგივე მოლოდინია სექტორშიც. წელს ზაფხულის სეზონი მთლიანად შიდა ტურიზმის იმედად დარჩა.
ნეგატიურ მოლოდინს ამყარებს ისიც, რომ სახელმწიფომ სუბსიდირებული ავიარეისები დანიშნა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. შესაბამისად, კომერციული ფრენის მოლოდინი თითქმის აღარ არსებობს. ამ მოსაზრებას ესადაგება ფინანსთა მინისტრის განცხადებებიც. ის პირდაპირ ამბობს, რომ ტურისტების მაქსიმალური რაოდენობაც კი, რომელიც წელს შეგვიძლია მივიღოთ, ვერ იქნება იმ ზიანის საპირწონე, რაც მათ ეპიდემიოლოგიური კუთხით შეიძლება შექმნან.
„50 000 ტურისტი რომ შემოვიდეს წლის ბოლომდე, ეს არის ზღვაში წვეთი ჩვენი ეკონომიკისთვის. მათი 1 პროცენტი რომ დაინფიცირდეს, ამან საკმაოდ დიდი გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს. ეკონომიკური აქტივობა, რასაკვირველია, დავარდება და ამიტომ, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, ამ შემთხვევაში რისკი და სიკეთე ვერ დაბალანსდება", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
გარდა ქვეყნის შიგნით არსებული მოლოდინისა, მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაცია გლობალური მასშტაბითაც. ქვეყანა, რომელიც ერთგვარ მწვანე ზონად ითვლებოდა და სწორედ მასთან იგეგმებოდა რეისების ივლისიდან აღდგენა, რთული გამოწვევების წინაშეა. ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ სწრაფად იზრდება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 30 162 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 332 ადამიანი.
რთული ვითარებაა მეზობელ სომხეთშიც, სადაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივება იგეგმება, აზერბაიჯანში კი კარგა ხანია, მოქმედებს მკაცრი კარანტინი. ეს ყველაფერი ერთად აჩენს მოლოდინს, რომ წელს უცხოელი ტურისტები, უბრალოდ, არ გვეყოლება.
,,ჰელისკი ჯორჯიის” დამფუძნებლის, ვატო ასათაშვილის შეფასებით 1-ლი აგვისტოდან ფრენების აღდგენა არარეალურია და უკვე აღარც არის მოსალოდნელი.
„მოვიდა ივლისი და საზღვრები არ გაიხსნა. შეიქმნა მცდარი მოლოდინი, რაზეც ადრეც ვლაპარაკობდი და ძალიან ბევრი ბიზნესი, ისედაც ზარალის ფონზე, კიდევ უფრო დიდი გასაჭირის წინაშე აღმოჩნდა. ახლა ითქვა, რომ თურმე 1-ელ აგვისტოს უნდა გაიხსნას, მე კი გეტყვით, რომ ეს არის არარეალური. პირველი აგვისტოც მოვა და შემდეგ 15 აგვისტოს დაასახელებენ, შემდეგ - 1-ელ სექტემბერს და ა.შ.“, – განაცხადა ვატო ასათაშვილმა ,,საქმის კურსში”.
ბევრად უფრო პესიმისტურია ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის მოლოდინი. სფეროს წარმომადგენელი „რეზონანსთან” ამბობს, რომ ახლა ბიზნესის მთავარი პრობლემა ისაა, როგორ გადაიხდიან საბანკო ვალდებულებებს შემოდგომიდან.
,,ჩემი აზრით, ოქტომბრამდე აღარც აღდგება ფრენა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი განწყობა, უბრალოდ, ვიცი, ავიაკომპანიები როგორ აბრუნებენ სექტემბრის ბილეთებსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ მეტი ინფორმაცია.
ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მათ შორის, როგორ გადავიხადოთ საბანკო ვალდებულებები სექტემბრიდან. ვინც შიდა ტურიზმითაა დაკავებული და უცხოელი სტუმრები არ ჰყავს, საგადასახადო მიმართულებით აქვს პრობლემა, მაგრამ ჩვენი მთავარი მოთხოვნა მაინც ინფორმაციაა. სწორი და სანდო ინფორმაცია გვჭირდება, რომლის მიხედვითაც დავგეგმავთ საქმიანობას, ეს კი არასდროს ხდება“, - აღნიშნა სიდამონიძემ.
პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა დადებითი მოლოდინი არც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილს აქვს. იგი „რეზონანსთან" კონკრეტულ ზარალსა და რიცხვებზე საუბრობს, რასაც საქართველო დაკარგავს.
,,არ შემიძლია პროგნოზების გაკეთება ისეთ გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება გადაწყვეტილებები. ფაქტი ერთია, ჩემს მმართველობაში არსებული 9 სასტუმროდან არც ერთის გახსნას არ ვგეგმავ 2021 წლის აპრილამდე. რაც ახლა ჩვენს სფეროში ხდება, ტურისტულ ინდუსტრიაში სამუშაო ადგილი დაახლოებით 100-მა ათასმა ადამიანმა დაკარგა: სასტუმროების პერსონალმა, მძღოლებმა, გიდებმა თუ მზარეულებმა და ა.შ.
სხვადასხვა გაანგარიშებით, საქართველო ტურიზმის სფეროდან წლის განმავლობაში დაახლოებით 2-3 მილიარდ დოლარს იზარალებს. ეს არის ამ ყველაფრის ყველაზე უკეთესი შეჯამება და არა - სიტყვები", - განუცხადა „რეზონანსს" ალავერდაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც სპეცრეისებით ჩამოდიან, კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა. ეს ნორმა თუ სამომავლოდ ტურისტებზეც გავრცელდება, ბუნებრივია, არავინ ისურვებს ამ პირობებში საქართველოსკენ გამომგზავრებას.