„გაერთიანებული ოპოზიცია" ვერ თანხმდება პროპორციული სიის ფორმირების საკითხზე. როგორც პოლიტიკოსთა განცხადებებიდან ჩანს, გაურკვევლობაა საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებითაც. რა შეიძლება მოიმოქმედოს ოპოზიციამ და როგორ მოახერხებენ არჩევნების შემდეგ ისინი კოალიციის ფორმირებას, ამ თემებზე „რეზონანსი" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ძაბირაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში, არის ისეთი პარტიები, რომლებსაც 1%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ. საარჩვენო ბლოკის ჩამოყალიბების შემთხვევაში კი ლიდერ პარტიებს მოუწევთ მათთვის მანდატის დათმობა, რაც შეიძლება მათ ინტრესებში არ შედიოდეს.
„1%-იანი ბარიერი როდესაც შემოიღეს მაშინვე გაჩნდა რეალური მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჭიროა კი ამ შემთხვვაში კოალიცების გაკეთება? ვლაპარაკობ საარჩევნო ბლოკებზე. საარჩევნო ბლოკების ჩამოყალიბებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ გარანტირებულია, რომ ეს საარჩევნო ბლოკი გავა პირველ ადგილზე. თუ ამის გარანტიები არ არსებობს, მაშინ, ლიდერი პარტია ამით ვერანაირ მოგებას ვერ ნახულობს.
„ძალა ერთობაშიას" რიგებში არის პარტიები, რომლებსაც რეალურად გაუჭირდებათ 1%-იანი ბარიერის გადალახვა, რომ იყრიან კენჭს ვნახავთ კიდეც ამას. რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს „ძალა ერთობაშიადან" ესაა საკითხავი, არა მგონია ყველა მაათგანი შევიდეს, ალბათ 3-4 პარტია იქნება. მატყუარაა 1%-იანი ბარიერი, თითქოს მარტივია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ამომრჩეველი ასე არ ფიქრობს.
„შესაბამისად, თუ ბლოკში შედის პარტია, რომელსაც 1%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერმა პარტიამ თავისი ხმები უნდა მიახმაროს, ანუ მანდატი უნდა დათმოს. ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ძალიან ობიექტური მიდგომა, ჯერ ერთი მას თავისი პარტიული კადრები ჰყავს და საარჩევნო სისტემაში ამ ხალხს ბუნებრიია მოხვედრა უნდა. თუ ბლოკი შეიქმნება ეს იმას ნიშნავს, რომ გამსვლელ სიაში პირველ ეშალონში მოექცევა ბლოკში შემავალი პარტიების ლიდერები.
„შესაბამისად, ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც რეალური ლიდერია ამ გაერთიანების მანდატები უნდა დაურიგოს სხვებს. მთლად სხვები ესენი არ არიან იმიტომ, რომ ტავის დროზე ძირითადი უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობიდანაა წასული. მაგრამ ამ შემთხვევაში სანდოობის ხარისხია ძალიან დაბალი. ჯერ წავიდნენ ახლა ისევ ბრუნდებიან მანდატებს მიიღებენ და მერე რას იზამენ კაცმა არ იცის. მოკლედ საარჩვენო ბლოკი ბევრ პრობლემებს ქმნის", - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
როგორც ძაბირაძე ამბობს, იგი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკოსებმა კოალიცა მმართველ გუნდთან ერთადაც შექმნან.
„მეეჭვება, რომ ძალა ერთობაშიას რიგებში შემავალმა პოლიტიკოსებმა უარი თქვან ნაციონალური მოძრაობასთან ერთად ერთიანი სიის გაკეთებაზე.
„რთული სათქმელია ვინ რას გადაწყვეტს არჩევნების შემდეგ. ეს შემადგენლობა დღეს რაცაა გაერთიანებული „ძალა ერთობაშიას" გარშემო და ამას კიდევ დაემატება ალბათ „ევროპული საქართველო" და ის პარტიები, რომლებიც თავის დროზე ლაპარაკობდნენ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად უნდოდათ ბლოკის შექმნა, როდესაც ისინი გავლენ პარლამენტში, ბუნებრივია, რომ შეეცდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად უმრავლესობის დაკომპლექტებას. „ქართულ ოცნებასთან" უმრავლესობის შექმნაზე ჯერ არ იფიქრებენ. თუმცა, ამ შემთხვევაში გამორიცხული არაფერია. თუ წარსულს გადავხედავთ ვნახავთ, როგორ მოძრაობდა პარლამენტში დეპუტატთა გარკვეული ნაწილი ერთი პარტიიდან მეორეში. ასე, რომ ეს მიმოსვლები დეპუტატებს შორის, რა თქმა უნდა, არის და არ გამოვრიცხავ სხვა კოალიციაში მათი ხილვის შესაძლებლობებს", - გვითხრა ძაბირაძემ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სურს ფართო კოალიციის შექმნა. ძაბირაძის აზრით, ისინი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ მთლიანი ოპოზიციური სპექტრის თანადგომა ექნება.
„ნაციონალური მოძრაობა" ფართო კოალიციის შექმნას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი მოახერხებს მთლიანი ოპოზიციის გაერთიანებას, მათ შორის „ევროპული საქართველოსი". ამავე დროს, „ლელო", ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძეც უარზეა. შესაბამისად, პოლიტიკურ ფლანგზე რჩება პარტიათა საკმაო ჯგუფი, რომლებიც ამ გაერთიანებაში არ შევლენ. თუ ისინი იქ არ შევიდნენ, მაშინ ეს გაერთიანება აზრს კარგავს ფუნქციური და პრაქტიკული თვალსაზრისით", - ამბობს ძაბირაძე.