„ზონის ცვლილება არ არის ტრაგედია, ასეთი რამ ხდება, მაგრამ გარკვეული დასაბუთება და კვლევები სჭირდება“
გვანცა წულაია
08.07.2020

 თბილისის გენერალური გეგმისთვის ახალი ცვლილებები მომზადდა, რომელთა თანახმადაც, დედაქალაქის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანებაზე აკრძალვა უქმდება. გენგემაში ასახულ გარკვეულ ტერიტორიებზე შეზღუდვა იხსნება, რაც ზონების განვითარების საშუალებას იძლევა. რას მოუტანს ეს ქალაქს ურბანული იერსახის თვალსაზრისით?

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის" მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა. ამის საფუძველზე შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება.

დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება შემდეგ ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ების სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები. 

„ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები დაედო, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდთ განვითარების შესაძლებლობა. დღეს შევხვდი თბილისის ზღვის არეალთან დაკავშირებით კონკრეტულ ჯგუფს, თუმცა დედაქალაქში არის სხვა ადგილებიც, სადაც გვხვდება მსგავსი პრობლემა. რეალურად ყველას მოეხსნება ეს შეზღუდვები და შეეძლებათ ძველი გენგემით დადგენილი ზონების დაბრუნება", - განაცხადა თბილისის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა. 

თბილისის მერიის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და მასზე დეპუტატები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

„სითი ინსტიტუტ საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დამატებითი კვლევების შედეგად შესაძლოა, გარკვეულ ტერიტორიაზე ზონის შეცვლის ნება გაიცეს. მთავარია,  გამწვანებულ და რეკრეაციულ ტერიტორიებზე არ მოხდეს ზონის შეცვლა. 

„ეს ტერიტორიები ცნობილია იმ მხრივ, რომ ჩვენ გენგეგმაში თავად გამოვყავით გარვეული არეალები, რომლებიც სტიქიურად ვითარდებოდა და ვთქვით, რომ ამ ადგილებთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა, მერიამ მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები, თუ როგორ შეიძლება მათი განვითარება, კანონმდებლობის გათვალისწინებით და საერთოდ, შეიძლება თუ არა მათი განაშენიანება. მათ შორის არის ტერიტორიები, რომლებზეც ახლაა საუბარი. 

თბილისის ზღვის მიმდებარედ იყო სანიტარიული დაცვითი ზონის საკითხი. მერიამ სანიტარიული ზონა პრაქტიკულად ჩამოაყალიბა, რაშიც კერძო კომპანიებიც იყვნენ ჩართული. მის გარეთა ტერიტორიაზე ქალაქის მერიის გადასაწყვეტი იქნება, თუ სად შეიძლება მშენებლობა და სად დარჩება შეზღუდვები. ლისის ტბაზეც იგივე სიტუაციაა. 

როგორც ჩანს, მიღებული კვლევების შედეგად, გარკვეული არეალები გამოიყო, რომლებმაც შესაძლოა, ზონალური ცვლილება განიცადოს, თუმცა ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია. 

საერთოდ, არის ადგილები, რომლებზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ხელშეუხებელი იქნება და იქ არავითარი ზონის ცვლილება არ მოხდება. ეს გენგეგმის მთავარი გადაწყვეტილება იყო. ასეთია სატყეო ზონები, წყალდაცვითი ზონები და საშიში გეოდინამიკური პროცესების ტერიტორიები. ადრე ამგვარ ლოკაციებზე იყო ნაკვეთები გაცემული, ახლა საუბარი არ არის და ვერც იქნება, რადგან ამაზე ჩვენ ცალსახად შევთანხმდით, რომ აქ მოხდება კომპენსაცია ანდა ადგილმონაცვლეობა. სხვა მხრივ, შესაბამისი კვლევებითა და არგუმენტაციის დასაბუთებით მერიას შეუძლია, კონკრეტული ზონები გამოყოს. ამაში არაფერი დრამატული არ არის. მთავარია, გამწვანებულ და რეკრეაციულ ტერიტორიებზე, რომლებიც ქალაქისთვის მნიშნველოვანია, იქ არ მოხდეს ფუნქციის შეცვლა, რადგან ისედაც ძალიან ცოტაა გამწვანებული ტერიტორია”, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ. 

მისივე თქმით, ზონის ცვლილებები ზოგადად ხდება ხოლმე, თუმცა მას დასაბუთება და კვლევები სჭირდება. 

„საერთოდ, ზონის ცვლილება არ არის ტრაგედია. როგორც წესი, ასეთი რამ ხდება, მაგრამ გარკვეული დასაბუთება და კვლევები სჭირდება. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გენგეგმა არის ზოგადი, სტრატეგიული დოკუმენტი, მერიას გარკვეული არეალების გამოყოფა შეუძლია. ამ შემთხვევაში არაფერია ტრაგიკული და რაიმე ისეთი არ ხდება. 

ეს ტერიტორიები არის როგორც შემდგომი ეტაპის ქალაქდაგეგმარების დოკუმენტები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო დეტალური შესწავლის კუთხით", - დასძინა მამუკა სალუქვაძემ. 

„რეზონანსი” დაუკავშირდა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი როსტომაშვილს. მან კომენტარისგან თავი შეიკავა, რადგან მისთვის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×