ელზა პაპოშვილი
09.07.2020

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მეცნიერებმა ახლი აღმოჩენა გააკეთეს.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ „ვლინდება მტკიცებულებები,“  ახალი კორონავირუსის ჰაერიდან - აეროზოლური გავრცელებასთან დაკავშირებით.  ამის შესახებ კვირის დასაწყისში მეცნიერთა ჯგუფმა ორგანიზაციას ღია წერილი გაუგზავნა და რეკომენდაციების განახლების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ განცხადება მარია ვან კარხოვმა გააკეთა, რომელიც  კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯანმოს ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელია.

გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაცია აქამდე აცხადებდა, რომ კოვიდ-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი, ძირითადად, აირწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების გადადება დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით ხდებოდა, რომლებიც შედარებით მძიმეა და ძირს სწრაფად ვარდება.

ორშაბათს კლინიკური ინფექციური დაავადებების ჟურნალში გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნიდან 239 მეცნიერი აწერდა ხელს, წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ვირუსს ჰაერში მეტი ხნით დარჩენა და ადამიანების დაინფიცირება შეუძლია.

ჯანმო აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები ვლინდება, ვირუსის ჰაერიდან გადადება ბოლომდე დადასტურებული არ არის.

თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რისკის გადაფასება მოახდინა, აქამდე გამოცემული ზოგიერთი რეკომენდაცია შესაცვლელი იქნება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფიზიკური დისტანციის 2 მეტრიანი მანძილის განახლება იქნება. ჯანმოს მიერ რეკომენდაციის შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნებს, რომლებიც ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ, საკუთარი პროტოკოლების შეცვლაც მოუწევთ.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით კი  რიგი კვლევები ადასტურებს, რომ კორონავირუსი გარდა სასუნთქი გზებისა, ადამიანის სხვადასხვა ორგანოებსაც აზიანებს. გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც კორონავირუსისგან განკურნებული პაცენტების ხანგრძლივი ჯანმრთელობის მონიტორინგი განხორციელდება.

„დიახ, გამოჩნდა რიგი კვლევები, სადაც უკვე დადასტურებულია, რომ მას აქვს ასევე ე.წ. პოლიორგანული ტროპიზმი, ანუ ის სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს. მათ შორის სისხლძარღვებს, ვთქვათ იგივე ტვინის ქსოვილს, იგივე გულის კუნთის ქსოვილს და ა.შ. რამდენადაც მე ინფორმაცია მაქვს მნიშვნელოვანი გართულებები ჩვენთან არ ყოფილა, მაგრამ ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლავთ და ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა შემუშავდეს სპეციალური პროგრამა სწორედ გამოჯანმრთელებული ადამიანების ხანგრძლივი ჯანმრთელობის მონიტორინგის, რომელიც ალბათ განხორციელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×