მარიამ ნებულიშვილი
09.07.2020

 „რისკები არსებობს, მაგრამ ეს რისკები იქნება მანამ, სანამ იქნება კორონავირუსი", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" საუბრისას ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, საქართველოს მიერ 5 ქვეყნასთან საზღვრების გახნას და ტურისტული მიმოსვლის აღდგენას.

გოგინავას თქმით, ქვეყანაში ტურისტების შემოშვება გარკვეულწილად რისკის შემცველია, მაგრამ აუცილებელია აღდგეს ტურიზმი და ამის ძალიან კარგი პერიოდია ახლა საქართველოში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

„საზღვრები იხსნება იმ ქვეყნებთან სადაც ამ ეტაპზე სტაბილური ეპიდსიტუაციაა. ზუსტად არ ვიცნობ ამ რეგულაციას, მაგრამ მე როგორც ვიცი, იქ ნახულობენ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორიას. თუ სად იმოგზაურა ამ პერიოდში იმ ადამიანმა, ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა.

"თან მხოლოდ საჰაერო საზღვარი იხსნება და არა სახმელეთოც. ამიტომ, თუ ადამინები თავისი ქვეყნიდან, სადაც დაბალი გავრცელებაა, გამოფრინდებიან საქართველოში და შემდეგ აქ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და მათ არ ექნებათ არანაირი დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები თეორიულად, რა თქმა უნდა, რისკის შემცველები არიან. მაგრამ, ეს რისკი არის ძალიან დაბალი.

„ამიტომ, მე ვთვლი, რომ ნელ-ნელა უნდა მოხდეს ტურისტული ხიდების ისევ აღდგენა და უნდა დავიწყოთ იმ ქვეყნებთან სადაც მეტ-ნაკლებად უსაფრთხო გარემოა, უნდა დავიწყოთ მიმოსვლა და ტურისტული გზები უნდა აღდგეს. ამაში მე ცუდ ვერაფერს ვხედავ.

„რისკები არსებობს, მაგრამ ეს რისკები იქნება მანამ, სანამ იქნება კორონავირუსი. თუ ჩვენ ვაქცინა არ გვექნება კორონავირუსული ინფექცია ცირკულაციას გააგრძელებს სხვადასხვა ფორმით, ხან უფრო აგრესიულად ხან ნაკლებად. ამიტომ, ჩვენ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და სულ ასე ჩაკეტილი ვერ ვიქნებით.

"კარგი დროა ახლა ჩვენს ქვეყანაში ამისთვის, კარგი ეპიდსიტუაციაა, და ნელ-ნელა შესაძლებელია, რომ გარკვეული სიფრთხილით აღვადგინოთ სხვადსასხვა ტურისტული მიმოსვლები და სხვა ღონისძიებები", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

როგორც გოგინავა აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყნაში დაბრუნების შემდეგ ორკვირიანი კარანტინი სავალდებულოა იმიტომ, რომ დაავადების გავრცელების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ტურისტს კი მოკლე სამოგზაურო პერიოდიდან გამომდინარე კარანტინში ვერ გააჩერებენ.

„ჩვენ ჩვენი შიდარეგულაცია გვაქვს, მაგრამ ტურისტს იგივე რეგულაციას ვერ შესთავაზებ, რასაც შენ მოქალაქეს. ის ადამიანები ხომ ვერ ჩამოვლენ თვეობთ, ჩამოდიან ორი კვირით, ჩვენ თუ მათ კარანტინში გავაჩერებთ, ფაქტობრივად, არავინ არ ჩამოვა საქართველოში. ამიტომ არის ეს შედარებით მსუბუქი დამოკიდებულება ტურისტებისადმი, რომელიც ცოტა რისკებს ზრდის, მაგრამ გამოწვეულია, იმით, რომ ტურიზმი სპეციფიკური სფეროა.

„ჩვენი მოქალაქე როდესაც ბრუნდება ქვეყანაში, კი მისთვის დისკომფორტულია, მაგრამ ორი კვირა კარანტინში რჩება იმიტომ, რომ რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ. თუმცა, ტურისტს იგივენაირად ვერ მოექცევი, ორი კვირით თუ გააჩერე, ფაქტიურად ნიშნავს, რომ ვერ აღადგენ ტურისტულ სეზონს, იმიტომ რომ ორ კვირაზე დიდი ხნით ტურისტი იშვიათად ჩამოდის", - გვითხრა გოგინავამ.

როგორც გოგინავა ამბობს, თერმოსკრინინგი ამ ეტაპზე კვლავ რჩება კორონავირუსის გამოვლენის საუკეთესო ფორმად და მას სწრაფი ტესტები ვერ ჩაანაცვლებს. საზღვარზე ტურისტებს სწრაფი ტესტები არ ჩაუტარდებათ.

„სწრაფი ტესტი შედეგს იძლევა, დაავადების განვითარებიდან 4-5 დღეში. ამიტომ, სწრაფი ტესტით ვირუსი როდესაც მისი პირველი დღეები ან ინკუბაციის პერიოდია, ვერ დადგინდება. სწრაფი ტესტი რეალურად არ მოგცემს არანაირ მნიშვნელოვან შედეგს. უფრო მნიშვნელოვანია თერმოსკრინინგი და კლინიკურად შეფასება. ხო არ აქვს ადამიანს, იმ მომენტში როდესაც საქართველოში ჩამოდის გარკვეული სიმპტომები.

„ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი მოგეხსენებათ არის ტემპერატურა, თუ ტემპერატურა დაფიქსირდა, შემდეგ უკვე ჩაუტარდებათ მათ PCR კვლევა, დააკვირდებიან და იმის მიხედვით გადაწყდება შემდეგ მათი ბედი. ამიტომ სწრაფი ტესტი არ დაგვეხმარება დიდად. იმიტომ, რომ ის დაავადების განვითარებიდან რამდენიმე დღეშია დადებითი და არაა დაავადების დაწყების პირველ დღეებში", - აღნიშნა გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უპირობოდ ევროკავშირის 5 სახელმწიფოსთვის გაიხნა. თავის მხირვ, საფრანგეთი, გერმანი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთიც საქართველოს მოქალაქეებს უპირობოდ მიიღებენ. რაც შეეხება მოგზაურობიდან დაბრუნებულ ქართველებს, მათთვის ორ კვირიანი კარანტინი სავალდებულო იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×