
წელს რთველის სუბსიდირების პროგრამა აღდგა. ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი მსხვილი კომპანიები სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე 30 თეთრის სუბსიდიას ორი პირობის გათვალისწინებით მიიღებენ: 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის გადამუშავება და ყურძნის შესყიდვის მინიმალური ღირებულება 80 თეთრი.
ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო ცდილობდა, თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე, აღარ ჩარეულიყო ფასში. როგორც ჩანს, წელს კორონავირუსმა სხვა ყველა დარგთან ერთად, მეღვინეობაც განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა. შესაბამისად, სახელმწიფო კვლავ გაიღებს თანხას რთველის ნაწილობრივი დაფინანსებისთვის. ცნობილია ისიც, რომ შესყიდვაში სახელმწიფო კომპანიაც მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა რთველის ღირსეულად ჩატარებისთვის თანხას წელსაც გამოყოფს. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში კი, მთავრობა შესყიდვებშიც ჩაერთვება.
„რთველი გვიახლოვდება. ერთ-ერთი სამიზნე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმისა, გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში.
ყველას მოგეხსენებათ ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება მევენახეობა და მეღვინეობა. 2019 წელი იყო რეკორდული, როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. საერთოდ ღვინო ქართულ ექსპორტში 2012 წელს იყო დაახლოებით 2.5% და დღეის მონაცემებით, ეს არის 6%-დ დონეზე. ეს არის განვითარების, დარგის ზრდის სერიოზული დინამიკა, ამიტომ შეუძლებელი იყო ჩვენ ყურადღება არ მიგვექცია ამ დარგისთვის და ანტიკრიზისული გეგმა სპეციალურად მევენახეებისთვის არ მოგვემზადებინა.
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს რთველის სუბსიდირება, განსაკუთრებით ისეთი ჯიშებისა, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება აქვს მიღებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს. სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში იმ შემთხვევაში თუ ასეთი უკიდურესი აუცილებლობა გაჩნდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძენზე - რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი”, - განაცხადა პრემიერმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი ხაზს უსვამს, რომ ამით სახელმწიფო ყურძნის მინიმალურ ფასს აწესებს.
„მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც უკავშირდება სუბსიდირებას და იმ მინიმალური სოციალური გარანტიების შექმნას, რომელიც აღელვებდათ ჩვენს ფერმერებს. ადრევე განვაცხადეთ, რომ ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული გარკვეული რესურსები პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, მათ შორის რთველის ორგანიზებულად ჩატარების კუთხით.
ის მსხვილი კომპანიები რომლებიც შეძლებენ 1000 ტონაზე მეტი რქაწითელის ან კახური მწვანის ყურძნის გადამუშავებას, მიიღებენ 30-თეთრიან სუბსიდიას იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ფასი იქნება მინიმუმ 80 თეთრი (1 კგ-ზე). ეს ნიშნავს, რომ გარკვეული სოციალური გარანტიები მევენახე ფერმერებისთვის უკვე გაჩნდა“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ სხვა სახეობის ყურძნის მიღების შემთხვევაში სუბსიდირება არ მოხდება.
გადაწყვეტილება მოსწონთ მევენახეებს, თუმცა მათი აზრით, უფრო მეტად სამართლიანი იქნებოდა მხოლოდ ორი ჯიშის ყურძენს არ შეხებოდა სუბსიდირება და იგი სხვა სახეობის ყურძენზეც გავრცელებულიყო. წნორელი მევენახე მამუკა მჭედლიშვილი ადასტურებს, რომ წელს განსაკუთრებით კარგი მოსავალია, ამიტომ სახელმწიფოს დახმარება დროულია.
,,როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ მევენახეებს დახმარება ჯერ კიდევ გვჭირდება და გამიხარდა, როცა გავიგე 80 თეთი იქნება მინიმალური ფასი. უფრო სწორი და სამართლიანიც იქნებოდა, რომ მარტო კახურ მწვანეზე და რქაწითელზე არ ყოფილიყო შეღავათი და დაფინანსება სხვა ჯიშის ყურეძენსაც შეხებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ შარშან მართლა ძალიან კარგი იყო მოსავალი და რთველმაც საბოლოოდ კარგად ჩაიარა, ფასისთვის ბევრი ბრძოლა მოგვიწია. იმედია წელს ყველაფერი უკეთესად ჩაივლის. როცა ღვინო ჩვენი ქვეყნისთვის რიგით პროდუქტზე გაცილებით მაღლა დგას, მეტი ყურადღებაა საჭირო“, - განუცხადა "რეზონანსს" მევენახემ.
წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ წელს ყურძნის მოსავალი 300 ათას ტონას გადააჭარბებს, რაც მაღალ მაჩვენებლად ითვლება.