
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2018 წელს ინტერნეტ-გამოძიების რუსულ სააგენტო „ტროლების ფაბრიკაზე" კიბერთავდასხმის ბრძანება გასცა. ამის შესახებ პრამპმა 8 ივლისს „ვაშინგტონ პოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტ მარკ ტისენის კითხვაზე, იყო თუ არა კიბერთავდასხმა პრეზიდენტის მიერ სანქცირებული, ტრამპმა თქვა: „მართალია". ტრამპმა დაამატა, რომ მისი განკარგულება სადაზვერვო სამსახურის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს ეყრდნობოდა იმის შესახებ, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩაერია.
„მომისმინეთ, ჩვენ ეს შევაჩერეთ", - თქვა აშშ-ის ლიდერმა.
ტრამპმა ინტერვიუს დროს ისაუბრა იმაზეც, რომ რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც ჰქონდა, თუმცა მან უმოქმედობა არჩია, რადგან დარწმუნებული იყო დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გამარჯვებაში.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს კიბერთავდასხმა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის პოლიტიკის ნაწილი იყო. ამავე პოლიტიკის ნაწილად ასახელებს უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გადაცემას, ასევე „ჩრდილოეთ ნაკადის - 2-ის" პროექტისთვის ხელისშეშლით გერმანიის რუსეთისგან დაცვასა და ამერიკის შეერთებული შტატების „მსოფლიოში ნომერ პირველ ნავთობმომპოვებელ ქვეყანად ქცევას".
2019 წლის თებერვალში „ვაშინგტონ პოსტმა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ 2018 წლის შუალედური არჩევნების მსვლელობისას ამერიკელმა სამხედროებმა ინტერნეტ - გამოძიებების სააგენტოს შეუზღუდეს წვდომა ინტერნეტთან, რადგან „ისინი ამერიკელებს შორის შუღლის დათესვას ცდილობდნენ".
გაზეთის ცნობით, „ტროლების ფაბრიკას" ინტერნეტთან წვდომა 6 და 7 ნოემბერს ჰქონდა შეზღუდული.
ოპერაცია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყნის კიბერნეტიკის სარდლობამ ჩაატარა.
ამავე ოპერაციაზე „სი-ენ-ენი" და „ნიუ იოკრ თაიმსიც" წერდნენ, თუმცა მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარი იყო მხოლოდ იმის შესახებ, რომ ამერიკელები ცდილობდნენ კავშირის დამყარებას „რუსეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებთან", რომლებიც არჩევნებზე ზეგავლენას ცდილობდნენ. ამერიკელებს მათთვის ხელის შეშლა სურდათ.
2018 წელს სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებისას ინტერნეტ - გამოძიებების სააგენტოს ბრალი დასდო ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან კავშირში.
ამერიკის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ სააგენტომ შექმნა ყალბი გვერდები „ფეისბუკსა" და „ტვიტერზე", ასევე ყალბი „იუთუბარხი", რომელთა გამოყენებითაც საზოგადოების აზრზე გავლენის მოხდენას ცდილობდა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეშვეობით.
თავად პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ტროლების ფაბრიკასთან"; არანაირი კავშირი არ გააჩნია არც მას და არც თვის კომპანიას.
ამერიკის შეერთებული შტატებჰის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტის შესახებ გამოძიება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
2019 წლის აპრილში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მიულერის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც დადასტურდა, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას არ ჰქონდა კავშირი მოსკოვთან, თუმცა რუსეთი ცდილობდა არჩევნებში ჩარევას.
რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ს არჩევნებთან საერთო არაფერი ჰქონია.