რეზონანსი
13.07.2020

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე მიმართვას აქვეყნებს და „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიასა და მისი სარედაქციო პოლიტიკის შესახებ წერს. იგი ყველა იმ ეპითეტით იხსენიებს საკუთარ თავს, რითაც ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში მოიხსენიებს ხოლმე ნიკოლაძეს.

„გიორგის აღმოჩენამდე არც ერთ წევრს ოჯახისას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვნადგურდებოდით. ამიტომ ვეძებდით მონასტრებში, მეტროსადგურებთან, მიმდებარე ფერდობებზე და კიდევ ბევრ ადგილას, ვიღებდით ვიდეო ფირების ჩანაწერებს, ვეკითხებოდით გამვლელებს, გვჯეროდა, რომ ჩანთა ბავშმა დადო ხიდის ბურჯზე, ამიტომ ვებღაუჭებოდით ბოლო იმედს. სწორედ ამ დროს თქვა გიორგის ერთ-ერთმა ნათესავმა თქვენზე: „ლეშის სუნზე რომ გიენები დარბიან, ისე უნდათ ამათ, რომ ბავშვი მკვდარი აღმოჩნდესო“, რაზედაც ვუსაყვედურე და ახლა ვუხდი ბოდიშს.

ვიდრე კომკავშირის ცეკას მდივანივით იჯდები სუფრის თავში, მუდმივად დაუწყებ შემთხვევის ადგილის ძებნას იქ, სადაც ბავშვი საერთოდ არ ყოფილა. მუდმივად დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი ხუთმეტრიანი ჯებირიდან გადავარდა წყალში და ამაზე მთელი ქვეყანა დაგცინებს.

ვიდრე სისხლის სამართლის მასალები „თხა და გიგო“-სავით გეჭირება ხელში, მანამდე სუნთქვას შეაკვრევინებ ექვსი წუთით მთელ ქვეყანას და „მაღალი პროფესიონალიზმით“ დაუმტკიცებ, რომ ექვს წუთში „ყველაფერი დამთავრდა“. მერე დაგიწყებს დაზარალებული ხვეწნას-ნუ მირიცხავ მკვლელობის ვერსიას შენი უცოდინრობით და ხელს ნუ მიშლიო.

ვიდრე წყალში ასფიქსიით გარდაცვლილ ბავშვზე (რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ მესამე დღეს იცოდა), ექსპერტიზის მოსვლამდე მთელი სერიოზულობით ამტკიცებ, რომ მას „ოთხი დღე მანქანით“ დაატარებდნენ, მანამდე გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ.

ახლა, რაც შეეხება შენს „საგამოძიებო ჯგუფს“. ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო. იმას რომ ვერ გაარკვევთ საქმეში რამდენი სამარშრუტო ტაქსი ფიგურირებს და რომელი რა მიმართულებით მოძრაობს, ბუნებრივია, „ხვალ მთელ ჭიათურას შემოივლით“ (თუ როგორც ბრძანა ქალბატონმა) თეთრპერანგიანი ადამიანების ძებნაში და ბოლოს მიხვდებით, შტერი თავი რატომ არ აძლევს ფეხებს მოსვენებას.

მაგრამ ეგ არაფერი. გარდაცვლილი ბავშვის ბიძის თავისივე შვილის მკვლელთა დაფარვაში აღმოჩენილი „უტყუარი სამხილი“ - თეთრი ბოტასები, იყო ის, რაც რეალურად ხართ. კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაცა და შემდეგ გადაცემაში ისე „ჩაასწორებთ“, როგორც „ექვსი წუთის“ ამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია.

საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამე თავიდან ჰკლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებს „სკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი).

რას ვერჩი იმ ანგელოზივით მხატვრული ფილმის უწყინარ პერსონაჟს არ ვიცი, მაგრამ მთელი ქვეყანა, რომ დღეიდან ნახალოვკელ „კაწროზე“ და გამომძიებელ „ბაწროზე“ ისაუბრებს ეგ ვიცი“,- წერს ნიკოლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×