თამარ მუკბანიანი
14.07.2020

სახელმწიფოს მხირდან სესხების სუბსიდირების პროგრამა თითქმის ორი კვირის დაგვიანებით ამოქმედდა. ბაზარი ახლა იმ კლიენტების მოლოდინშია, რომლებიც პროგრამის დაანონსების შემდეგ ბინების ყიდვისაგან თავს იკავებდნენ და სწორედ სუბსიდირების სქემის ამოქმედებას ელოდებოდნენ. სპეციალისტების აზრით, პროგრამა პოსტპანდემიურ პერიოდში უძრავი ქონების გაიაფების პროცესს შეაფერხებს. 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის ინფორმაციით, სამთავრობო შეთავაზების მიმართ ძალიან დიდი აქტივობაა კერძო სექტორის მხრიდან.

„ძალიან მალე ჩვენ უკვე საშუალება გვექნება, რომ ბანკებთან ერთად სტატისტიკა ვაწარმოოთ. აპლიკაციების მიღება დაწყებულია, უკვე მუშავდება და  პირველი ნაკადის სტატისტიკას აუცილებლად მალე მოგაწვდით“, – განაცხადა ხიდურელმა.

რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს, ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი აქტივობაა. „რა თქმა უნდა, უფრო მეტი წილი რესტრუქტურირებულ სესხებზე მოდის, თუმცა ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ კვირაში უკვე პირველი რამდენიმე შემთხვევა გვექნება ახალი ბიზნესების, სადაც სახელმწიფო გარანტიაში შევა“, – განაცხადა ხიდურელმა.

წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს. რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს, პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს, რომლებსაც სესხის მისაღებად საკმარისი საგარანტიო უზრუნველყოფა არ გააჩნიათ, შესაძლებლობა ეძლევათ, სესხი სახელმწიფოს თავდებობით აიღონ.

მას შემდეგ, რაც იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების პროგრამა დაანონსდა, ბაზარზე აქტივობა, ფაქტობრივად, შეწყდა, რადგან პოტენციური კლიენტები საშეღავათო მექნიზმის ამოქმედებას ელოდნენ, რომელიც მართალია, ოფიციალურად პირველი ივლისიდან ჩაეშვა, თუმცა - ტექნიკური ლაფსუსების გათვალისწინებით, მყიდველებმა მხოლოდ მიმდინარე კვირის  ორშაბათიდან შეძლეს სარგებლობა. 

დეველოპერული კომპანია ,,ანაგში” ამბობენ, რომ პროგრამა ჯერ ახალი დაწყებულია და ამიტომ ადრეა შეფასება, თუმცა ბაზრის ზოგადი ფონიდან გამომდინარე იციან, რომ მიმართვიანობა გაიზარდა. 

,,რეალურად მარკეტინგული კომუნიკაცია და ზოგადად ამ მხრივ მუშაობა დავიწყეთ ორშაბათს. დრო არის საჭირო, რომ სურათი გამოიკვეთოს და ეფექტი  შევაფასოთ, თუმცა სხვა დეველოპერებისა და ბანკების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ  მიმართვიანობა გაიზარდა. 

უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ორი თვე ბაზარი, ფაქტობრივად, გაჩერებული იყო და მომხმარებელი ამ პროგრამის გაშვებას ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ  იგი ჯერ ახალი ამოქმედებულია, მოლოდინი მაქვს, რომ გაიზრდება რეალიზაცია", - განაცხადა დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელმა ,,რეზონანსთან”.

პროგრამა სულ 2-3 დღია, ამოქმედებულია და რეალური სურათის გამოსაკვეთად გარკვეული დროა საჭირო, ამიტომ შეფასების გაკეთება უჭირს ,,რედკოს” წარმომადგენელ მალხაზ კუნელაურსაც. დეველოპერი ,,რეზონანსთან” ამბობს, რომ შეინიშნება მოძრაობა, მაგრამ რამე განსაკუთრებული აქტივობა ჯერ არ არის.

,,ჩვენი კომპანიის მაგალითზე შეიძლება ითქვს ის, რომ  ორი დიდი ბანკიდან, ერთ-ერთს ჯერ კიდევ არ დაუწყია პროგრამის ამოქმედება. იქ კომიტეტზეა გატანილი საკითხი. ჩვენ ვართ პირველი დეველოპერები, ვისთანაც  ამ პროგრამის განხორციელება დაიწყო. დიახ, არის გარკვეული რაოდენობა კლიენტებისა, თუმცა რომ ვთქვათ, ეს რამე განსაკუთრებული ნახტომისებური ზრდაა, ნამდვილად არა. ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ახალი პროდუქტია და, ალბათ, ამიტომ. 

ახლა ანალიზის გაკეთებაც კი არ არის საინტერესო, რადგან ორი დღეა გასული. სუბსიდირების პროგრამა არ არის ნებაყოფლობითი ან ისეთი, რომელშიც ვისაც სურვილი აქვს, ის დეველოპერი ჩაერთვება. ყველა კომპანიასთან, სადაც კი მიხვალთ, თუ სტანდარტსა და კრიტერიუმს დააკმაყოფილებთ, დაგიფინანსდებათ სესხის პროცენტი. ამიტომ ჩვენ ვერანაირ განსაკუთრებულ ინტერესს ან უინტერესობას ვერ გამოვავლენთ. ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი და მიმართულება, თუმცა ამაზე ნამდვილად არ აგვიწყვია სამუშაო სტრატეგია”, - განუცხადა კუნელაურმა ,,რეზონანსს”. 

საქართველოს მთავრობა 2020 წლის ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხის პროცენტს დაასუბსიდირებს. გიორგი გახარიას მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, სუბსიდია შეეხება საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტს, ხოლო მთლიანი ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×