
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა შრომის კოდექსში ცვლილებებსა და იმ მუხლებს, რომლებსაც დამსაქმებლები ბარიერად აღიქვამენ. სწორედ ამ ცვლილებებზე ზედამხედველობას მიიჩნევს პროფკავშირები ახლა მთავარ საკითხად.
კანონპროექტის ავტორები ბიზნესის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებზე საპასუხოდ აღნიშნავენ, რომ შრომის ინსპექციას სადამსჯელო ფუნქცია არ ექნება და ის აღასრულებს იმ ნორმებს, რომლებიც სახელმწიფო კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები და შრომითი უსაფრთხოება.
ახლა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი კვლავ პარლამენტშია და უკვე მას მხარს საპარლამენტო უმრავლესობაც უჭერს. კანონპროექტების პაკეტმა შარშან ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა. მას შემდეგ შინაარსი, გარკვეულწილად, შეიცვალა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა.
დოკუმენტის მიხედვით, ნორმირებული სამუშაო დრო კვირის განმავლობაში არის 40 საათი, ზეგანაკვეთური შრომა კი შესაბამისი ფორმულით უნდა ანაზღაურდეს, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთური საათების გასამრჯელო ნორმირებული სამუშაოსთვის გადახდილი თანხის, მინიმუმ, 125% უნდა იყოს. რაც შეეხება კანონის აღსრულებას, ამას შრომის ინსპექცია თავისი გაფართოებული მანდატით უზრუნველყოფს.
ცვლილელებები, რომლებსაც პროფესიული კავშირები და საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილიც უჭერს მხარს, ბიზნესის კრიტიკას იმსახურებს.
„საქართველოს ბიზნესასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე იმ ჩანაწერს აკრიტიკებს, რომელიც შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას ეხება. კოდექსში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შრომის ინსპექციას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, კომპანიაში შესვლა და, შრომის პირობებთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება.
„ამ ტიპის მანდატი ევროკავშირის ქვეყნების ნახევარში მე არსად მხვდება. 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია გვაქვს და ძალიან კარგად გვახსოვს, კონკრეტული ინსტრუმენტები და ინსტიტუტები როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული ბიზნესსუბიექტების წინააღმდეგ. ვშიშობ, ამხელა მანდატი იქნება მათთვის დამაზიანებელი იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს სურვილი, ცდუნება, ეს ინსტიტუტი გამოიყენოს ნეგატიურად მათი პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბიზნესინტერესების სასარგებლოდ. მთავარია, ნუ მივცემთ იმხელა ძალაუფლებას სტრუქტურას, რომ გაირყვნას მაკონტროლებელი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ის, რასაც დამოუკიდებელ საბაზრო ეკონომიკაში ჩარევად მიიჩნევს ბიზნესი, მოსწონს მინიტრს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შრომის ინსპექციას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, კომპანიაში შესვლა და, შრომის პირობებთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება. შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა ბიზნესის მხრიდან უკვე შეფასდა, როგორც სადამსჯელო ფუნქციის მატარებელი უწყების ჩამოყალიბება.
ბიზნესის ამ მოსაზრებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ ცვლილებების მთავრი მიზანი დასაქმებულთა უფლებების დაცვაა. ტიკარაძის უწყებას დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს და, როგორც თავად მინისტრი ამბობს, ყველა ცვლილება განხილული და გავლილია. მთავარი მაინც ის არის, ვინ და როგორ შეძლებს აღსრულებას, რამდენად აქვს რესურსი ამ ფორმაციის შრომის ინსპექციას, აღასრულოს გაზრდილი უფლება-მოვალეობები.
პროფკავშირების თავმჯდომარეს შენიშვნები აქვს წარმოდგენილ კანონპროექტთან, თუმცა მისი მიღება მაინც აუცილებლად მიაჩნია.
,,ამ ფორმაციის შრომის ინსპექციას, რასაკვირველია, არ აქვს რესურსი, აღასრულოს გაზრდილი უფლებამოსილება, ამიტომაც ვითხოვთ ცვლილებებს კანონში. ბიზნესი მთელი ძალით იბრძვის, რომ დარჩეს ისეთი, როგორიც დღეს არის და პასუხისმგებელი იყოს მხოლოდ უსაფრთხოებაზე. ჩვენ ამ დროს ვსვამთ ლოგიკურ კითხვას, რაზეც არავის აქვს პასუხი: თუ იცავთ ნორმებს, თუ დასაქმებულის უფლება არ ირღვევა და სამუშაო კვირა 40-საათიანია, რა პრობლემაა ასეთი ბიზნესისათვის, რომ შრომის ინსპექციამ სრულფასოვნად იმუშაოს?
ბუნებრივია, პირველი მოსმენა ჩვენთვის არაფრის გარანტიას არ იძლევა და სანამ კანონს ჩაქუჩს არ დაარტყამენ, მაინც არის კითხვის ნიშნები. სხვადასხვა კომიტეტი უმნიშვნელოვანესი საკითხების ცვლილებას ითხოვს და ამ პირობით დაუჭირეს მხარი, ამიტომ ამ კანონს სჭირდება ზედამხედველობა, სანამ მას მიიღებენ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
პროფკავშირების ხელმძღვანელი ,,რეზონანსთან” იმასაც ამბობს, რომ წარმოდგენილ შრომის კოდექსში საუბარი არ არის ხელფასის მინიმალურ ოდენობაზე, თუმცა მას ხელისუფლების მხრიდან ასეთი პირობა აქვს, რომ საკითხი დღის წესრიგში შემოდგომიდან დადგება.
ცვლილებები აუცილებლად მიაჩნიათ არასამთავრობო სექტორშიც.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი კოტე ერისთავი ამბობს, რომ ცვლილებები, ერთი მხრივ, ევროდირექტივაა, მეორე მხრივ კი - აუცილებლობა, რომელიც დასაქმებულების უფლებების დაცვის გარანტიებითაა განპირობებული.
„მასობრივად ირღვევა შრომითი უფლებები ყველა სექტორში, ყველა მიმარულებით. დასაქმებულები არიან დაუცველნი, რადგან არ გვაქვს მექანიზმი, რომელიც აღასრულებდა შრომის კოდექსს. კოდექსი დიდწილად დღეს არის მხოლოდ ფურცელზე. ერთადერთი გზა, რომ მშრომელმა დაიცვას თავისი ინტერესები, არის სასამართლო, თუმცა გადატვირთულობისა და ვადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ეს არ არის ეფექტური მექანიზმი, ამიტომ ხშირად დასაქმებულები ვერ იცავენ საკუთარ ოჯახს.
სწორედ ამიტომ ერთადერთი გზა შრომითი უფლებების დაცვისთვის არის შრომის ინსპექცია, რომელსაც ექნება სრულყოფილი მანდატი და გავრცელდება არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე, არამედ - შრომით უფლებებზე.
რეალურად აკრიტიკებენ და არ ეთანხმებიან, რომ შრომის კოდექსი აღსრულდეს, ხომ? ეს არის აქ მინიმალური მოთხოვნა. ამაზე ნაკლები მოთხოვნა რაღა შეიძლება, იყოს“, - განუცხადა „რეზონანსს" კოტე ერისთავმა.
ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. 41-გვერდიანი კანონპროექტის ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია.