მარი ჩიტაია
18.09.2018

 სახელისუფლო სტრუქტურებში კორუფცია მატულობს. სულ ახლახან სამეგრელოში კორუფციულ სქემაში მონაწილე ზუგდიდის მერი და რამდენიმე მაღალჩინოსანი ამხილეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბევრი ასეთი ფაქტია ქვეყანაში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიმართაც გაისმა ბრალდება, უფრო ადრე კი პროკურატურის ყურადღება ყოფილი პრემიერის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების საქმიანობამ მიიქცია.

მარი ჩიტაია
18.09.2018

 ეროვნული ბანკი ლარს ხელოვნურად აუფასურებს. იმის ნაცვლად, რომ კურსის ვარდნის პროცესი შეაჩეროს და შესაბამისი ზომები მიიღოს, სებ-ი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. ეჭვგარეშეა, ცენტრალური ბანკი და მთავრობა შეთანხმებულად მოქმედებენ და ლარს გამყარების შანსს არ უტოვებენ. საფინანსო ბაზრის წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ ეს არის მოსახლეობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

ანა ნოზაძე
18.09.2018

 ჩვენმა ქვეყანამ ცოტა დაიგვიანა ზრუნვა ახალ პორტზე. დღეისთვის საქართველოს არ შეუძლია, თავის პორტებში მიიღოს დიდი წყალწყვის პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემები და მონაწილეობა მიიღოს დიდ საზღვაო გადაზიდვებში. არადა, შავ ზღვაში მოცურავე გემების 75% ზუსტად ასეთი ტიპისაა. სწორედ ამ დაგვიანების ამოსაქაჩად სულ მალე საქართველოს კიდევ ერთი პორტი ექნება ანაკლიაში. პორტი, რომლის ამუშავების შემდეგაც ქვეყანას დაუბრუნდება ძველი ფუნქცია და შესაძლებლობა მიეცემა, გახდეს რეგიონული ეკონომიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი რეგიონსა და მთლიანად შავიზღვისპირეთშიც და მას სხვა ქართული პორტებისგან განსხვავებით შეეძლება, მოემსახუროს 10 000 ეუგ (კონტეინერიან) გემებს, შეძლებს, გაატაროს 1 მლნ კონტეინერი, მიიღოს 1,5 მლნ ნაყარი ტვირთი. ეს ყველაფერი კი აისახება ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.

მარი გოცირიძე
18.09.2018

 ნავთობპროდუქტების იმპორტისთვის 2018 წლის იანვარ-აგვისტო აქტიური პერიოდი აღმოჩნდა. საავიაციო ნავთისა და გათხევადებული გაზის ("ელპიჯი") იმპორტი გაზრდილია. მართალია, ნავთისა და "ელპიჯის" იმპორტმა აგვისტოში, ივლისთან შედარებით, მცირედით იკლო, თუმცა 2018 წლის პირველ 8 თვეში მზარდი ტემპით გამოირჩეოდა. რაც შეეხება სანავთობო ბიტუმს, მიმდინარე წლის 8 თვეში იმპორტი შემცირებული იყო, მაგრამ ამ მხრივ აგვისტოში ზრდაა და, სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მომდევნო თვეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

მარი გოცირიძე
18.09.2018

 სუპერმარკეტების ქსელმა "ნიკორა ტრეიდმა" 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა, რაც კომპანიის მიერ ლარში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება "თიბისი ბანკის" შვილობილმა საბროკერო კომპანია "თიბისი კაპიტალმა" უზრუნველყო. აღნიშნული ტრანზაქცია 2018 წლის ამ პერიოდისათვის ყველაზე მსხვილი გარიგებაა ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში.

მარი ჩიტაია
14.09.2018

 მომავალი კვირიდან საქართველოში პურის ფასი მასიურად მოიმატებს. პროცესი რეგიონებში უკვე დაიწყო. ლაგოდეხში, გორში, ახალციხესა და ზუგდიდში პური 5-10 თეთრით უკვე გაძვირდა. მოსალოდნელია, რომ ფასი თბილისშიც მოიმატებს. უბნის მაღაზიებში ცვლილება აშკარად შესამჩნევია, თუმცა მსხვილ სუპერმარკეტებში ჯერჯერობით ფასს ინარჩუნებენ. პრობლემა ფქვილის მაღალ ფასს და ხორბლის შემოტანაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ხვალიდან კომერციულ სექტორს გაზი უძვირდება, რის გამოც პური მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.

თამარ მუკბანიანი
14.09.2018

 დედაქალაქი საათობრივი პარკირების სისტემაზე გადადის. გენგეგმის რეკომენდაციას სრულად ეთანხმებიან დედაქალაქის მერი და საკრებულოს უმრავლესობაც. ზონალური პარკირება ცენტრალურ უბნებში გადასახადს მნიშვნელოვნად გაზრდის და გააძვირებს. ახალი კანონი განსაკუთრებით მძიმე ტვირთი იქნება მათთვის, ვინც ცენტრში მუშაობს და სამსახურამდე მანქანით მიდის.

თამარ მუკბანიანი
14.09.2018

 საქართველოს მოსახლეობის 93 პროცენტი სიღარიბეში ან მის ზღვარზე ცხოვრობს. მარტო ბოლო 2 წელიწადში ღარიბთა არმიას 232 000 ადამიანი შეემატა. საყურადღებოა, რომ ღალრიბ-ღატაკთა რიცხვის ზრდა უშუალოდ ლარის დევალვაციის პერიოდს ემთხვევა, რასაც სპეციალისტები უმთავრეს მიზეზად მიიჩნევენ.

მარი ჩიტაია
14.09.2018

 ლარის არნახულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. დისტრიბუტორები არ მალავენ, რომ უახლოეს პერიოდში სურსათზე ფასები გაიზრდება. ერთი მხრივ, ლარის დევალვაციაა, თუმცა ფასებზე არანაკლებ გავლენას საწვავის გაძვირებაც ახდენს, რომელიც ასევე უკანმოხედავად მატულობს. უცხოურ ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 79 დოლარს გადააჭარბა. პირველადი მოხმარების საქონელი საწვავის გამოც ძვირდება.

მარი ჩიტაია
13.09.2018

 კომუნალური გადასახადები გაძვირების ზღვარზეა. მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე ტარიფები გადაიხედება. სადისტრიბუციო კომპანიებში ხარჯი გაზრდილია და სწორედ ის დროა, როცა გადასახადის გაძვირებაზე განაცხადის გაკეთებას შეეცდებიან. ამჯერად დენის ტარიფს ცვლილება არ შეეხება, რამდენადაც შარშან 3-წლიანი ტარიფი შევიდა ძალაში.

მარი ჩიტაია
13.09.2018

 საბანკო რეგულაციების უმეტესობა საბაზრო მოთხოვნების საპირისპიროდ წესდება. ერთი მხრივ, მთავრობა მეწარმეობის დაცვას ცდილობს, მაგრამ ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ამით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას სპობენ. სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, ამ რეგულაციების გადახედვის საჭიროება მალევე დადგეს.

თამარ მუკბანიანი
13.09.2018

 საქართველოში ფასები მაღლა დაიძრა და ინფლაციაც უკვე გადასცდა მიზნობრივ მაჩვენებელს. საწვავის გაძვირების, ლარის გაუფასურებისა და კომერციული გაზის გაძვირების გამო მოსახლეობა მძიმე ზამთრის მოლოდინშია. დიდი ალბათობით, ინფლაციის მოთოკვა წელსაც შეუძლებელი იქნება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×