ნათია ლომიძე
08.09.2017

 ბიუჯეტში მობილიზებული თანხის ხარჯვის პრობლემაა. ხაზინის ნაშთი გაზრდილია და წლის ბოლოს ქვეყანა, სავარაუდოდ, დადგება დეფიციტური ხარჯვის წინაშე. წლის ბოლომდე 3,5 თვეა დარჩენილი და გადასახდელების კუთხით ჩამორჩენა შეიმჩნევა. ამას ადასტურებს ხაზინის ანგარიშზე გაზრდილი ნაშთი, რომელმაც უკვე 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. წლის ბოლომდე 4,2 მლრდ ლარია დასახარჯი.

მარი ჩიტაია
07.09.2017

 ლარი ძალიან საეჭვოდ ათამაშებენ. 2 დღის წინათ კურსი ერთბაშად 2,50-ზე "ააგდეს" და მეორე დღესვე 3 პუნქტით "გაამყარეს". ეს ხდება ეკონომიკური ფაქტორების გვერდის ავლით, რაც გვაფიქრებს, რომ ვალუტაზე სპეკულაციურ შეტევას აქვს ადგილი.

ნათია ლომიძე
07.09.2017

 წელს ზაფხულშიც კი საქართველოს დენის იმპორტი დასჭირდა. ასეთი რამ წინა წლებში არ მომხდარა. ახლოვდება ცივი და ენერგეტიკისთვის დეფიციტური თვეები. რასაკვირველია ოქტომბრიდან უფრე მეტი ოდენობით ენერგია გახდება საჭირო, რაც ისევ და ისევ ძვირი იმპორტის ხარჯზე შეივსება. ასე გაგრძელების შემთხვევაში დენის ტარიფის გაზრდა გარდაუვალი გახდება.

მარი ჩიტაია
07.09.2017

 საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობი ისევ ძვირდება. გუშინ 3-თვიანი მაქსიმუმი დაფიქსირდა და როგორც ჩანს, ეს არ იქნება ბოლო სიმაღლე. შავი ოქროს გაძვირების მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარებული მოვლენებია. ამ ეტაპზე ნავთობპროდუქტების ფასის განმსაზღვრელი ფაქტორი ქარიშხლებია. ჯერ "ჰარვი", ახლა კი "ირმა" სანავთობო ბაზარს დიდი პრობლემებს უქმნის. აშშ-ში წარმოება მცირდება, ფასი კი მაღლა მიიწევს.

ნათია ლომიძე
06.09.2017

 ლარი ბოლო დღეების განმავალობაში უკვე 4,5 პროცენტით გაუფასურდა. სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება ალოგიკურია და უკვე ქაოსის ნიშნებსაც ატარებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ ასეთი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, შემდეგი კვირიდან სამომხმარებლო საქონელი 5-10%-ით გაძვირდება. წინასაარჩევნოდ მოსახლეობამ უცნაური სიურპრიზი მიიღო.

მარი ჩიტაია
06.09.2017

 კომუნალური გადასახადების გაძვირების საფრთხე დიდია. დღევანდელი სავალუტო კურსისა და არასტაბილური ფინანსური ბაზრის პირობებში თავისუფლად შეიძლება როგორც ელექტროენერგიის, ასევე წყლის ტარიფის გაძვირდეს. იმის ნაცვლად, რომ ტარიფების გაძვირების შანსი მინიმუმამდე დავიდეს, ეკონომიკა უბრუნდება ქაოსს და არც ენერგეტიკის სფერო იქნება გამონაკლისი. მით უმეტეს, გაზი რეგიონებში უკვე გაძვირდა.

ნათია ლომიძე
06.09.2017

 მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმი გამოცხადდა, ბანკების სასარგებლოდ ნორმატიულ აქტში ცვლილებები მაინც შევიდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა ყოვლად დაუშვებელია. თუკი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მორატორიუმი სრულფასოვნად არ იმოქმედებს, საქართველოს 10 წელიწადში მიწის საკუთარი ფონდი აღარ ექნება.

მარი გოცირიძე
05.09.2017

 კომპანია "ვისოლმა" საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფ" საბერძნეთის პეტროლიუმთან" ფრანჩაიზის ხელშეკრულება გააფორმა და საქართველოში "ეკოს" გასამართი სადგურების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო.

მარიკა გოგოხია
05.09.2017

 ბიზნეს სექტორის ბრუნვის მაღალი მაჩვენებლით დედაქალაქი წელსაც პირველ ადგილზეა. ბოლო წლების განმავლობაში ვითარება არ იცვლება და ამ მხრივ რეგიონებში მუდმივად ჩამორჩენაა. ქვეყანაში თუ კი რამე იწარმოება ან იქმნება, თითქმის ყველაფერში თბილისი უპირობო ლიდერობს. ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც თბილისისა და რეგიონების მიხედვით ბიზნესის ბრუნვის უთანასწორო მაჩვენებლებია.

მარი ჩიტაია
05.09.2017

 რეგიონში ლარი ერთადერთი ვალუტაა, რომელიც ყოველდღიურად უფასურდება. 8-10 დღეში კურსი 3%-ით დაეცა. სულ ცოტა ხნის წინ ლარი დოლართან მიმართებით 2,39 ნიშნულზე იყო, მაგრამ ახლა 2,46-ს გადააჭარბა. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება შემოდგომაზე, ხოლო ზამთარში ძალიან მძიმე პრობლემის წინ აღმოვჩნდებით, რადგან კურსი 2,6-ს თავისუფლად გასცდება, რაც დიდი პრობლემა იქნება მთელი საქართველოსთვის.

ნათია ლომიძე
05.09.2017

 საქართველოში ჰიპერმარკეტები ადგილობრივ მიმწოდებლებსა და იმპორტიორებს კაბალურ საკონტრაქტო პირობებს სთავაზობენ. ამის გამო ბევრი კომპანია მათთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ჰიპერმარკეტის დახლებიდან მათი პროდუქცია ქრება. იმპორტიორების თქმით, არც ერთ ქსელურ კომპანიას არ აქვს თანხის გადახდის პრობლემა, თუმცა მათი მიერ წარმოებული პროლიტიკა შეიძლება სავაჭრო სექტორისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. მწარმოებლები და ჰიპერმარკეტები სწორედ თანამშრომლობის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

მარი ჩიტაია
02.09.2017

 წლევანდელი სეზონი ევროპული ტურებისთვის განსაკუთრებით აქტიური იყო. ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში, ევროპის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი დაახლოებით 4-ჯერ გაიზარდა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×