მარი ჩიტაია
16.08.2017

 ბოლო 7 წელიწადში სამშენებლო კომპანიების 20-25% გაკოტრდა - ის ფირმები, რომელთაც ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს. მართალია, დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა, თუმცა ნაწილი საბოლოოდ გაბანკროტდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ნათია ლომიძე
16.08.2017

 წელს ალოობა მალე დასრულდება. მოსავლის რაოდენობა შარშანდელთან შედარებით უკეთესია. დიდ ნაკვეთებზე, საშუალოდ, 3-დან 4-ტონამდე ხორბალია აღებული. 1 ტონა სასურსათო ხორბლის ფასი 420 ლარია, რაც შარშანდლისგან განსხვავებით კარგ ფასად მიიჩნევა. ფერმერების ინფორმაციით, ხარისხის პრობლემა წელსაც შეიმჩნევა, თუმცა ამ მხრივაც გაცილებით გაუმჯობესებულია ვითარება და მოსავლის უმეტესი ნაწილი კვებით მრეწველობას მოხმარდება.

მარი ჩიტაია
15.08.2017

 საქართველოს წლის ბოლომდე 1,819 მლრდ დოლარის საგარეო ვალი აქვს გასასტუმრებელი. მარტო მესამე კვარტალში ეს მაჩვენებელი 933 მლნ დოლარია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ გადის მსხვილი ვალების გასტუმრების ეტაპს, რაც ეკონომიკას და ლარის კურსს საგრძნობლად აწვება. ცხადია, რომ ამ მასშტაბით საგარეო ვალის მომსახურება ეროვნულ ვალუტას მორიგ დარტყმას მიაყენებს და გამორიცხული არ არის, რომ ოქტომბრიდან ლარი კვლავ გაუფასურების გზას დაადგეს.

ნათია ლომიძე
15.08.2017

 საქართველოს რეგიონებში დასაქმების მხრივ ურთულესი მდგომარეობაა. 2015 წლის შემდეგ ყველგან, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. სპეციალისტების თქმით, რეგიონში სამუშაო ადგილების სიმცირე იწვევს მიგრაციას დედაქალაქში, ხოლო შემდეგ ემიგრაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. არის რეგიონები, სადაც 7 ადამიანიდან 6 დაუსაქმებელია და პერსპექტივაც არ გააჩნია.

ნათია ლომიძე
12.08.2017

 საქართველოში შაქარი დღეიდან კიდევ რამდენიმე თეთრით გაიაფდება. მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა შაქრის ფასს დღითი დღე ეტყობა და ვითარება მომხმარებლის სასიკეთოდ უკვე საქართველოშიც იცვლება. ბოლო 1 წელიწადში საერთაშორისო ბირჟებზე თეთრი შაქრის ფასი ლამის განახევრდა. ამჟამად ექსპორტიორ ქვეყნებში დიდი მოსავალია და ამიტომ წლის ბოლომდე შაქარზე დაბალი ფასი შენარჩუნდება.

ნათია ლომიძე
12.08.2017

 მარეგულირებელი კომპანიის გადაწყვეტილებით ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში ცვლილება შევიდა. ამიერიდან ერთი წლის ნაცვლად დენისა და წყლის ტარიფი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ გადაიხედება. ენერგეტიკოსების აზრით, ასეთი მიდგომა კომუნალური გადასახადის გაზრდის საშიშროებას არ გამორიცხავს. მათი აზრით, ერთწლიანი პერიოდი სავსებით მართებული იყო, რადგან ამ დროს რეალურად ჩანდა წლის განმავლობაში კომპანიების მუშაობის შედეგი.

ნათია ლომიძე
11.08.2017

 საქართველოს საცალო ქსელში საწვავმა გაძვირება დაიწყო. არაბრენდირებულ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასმა 3-დან 5 თეთრამდე მოიმატა. ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი მუდმივად მატულობს. 1 ბარელი შავი ოქროს ღირებულება ბოლო 2 თვეში 47-დან 53 დოლარამდე გაიზარდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საწვავზე ფასის ზრდას არც ბრენდირებული სადგურის მფლობელები გამორიცხავენ. მათი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში (მატების ან კლების) შესაბამისი რეაქცია ექნებათ.

ნათია ლომიძე
11.08.2017

 მიუხედავად უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურისა, ჰიდროელექტროსადგურებში წყლის დონე მისაღებ ნიშნულზეა. გვალვას წყლის ჩამონადენის თვალსაზრისით პრობლემა არ შეუქმნია და ჰესები ნორმალურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ამ ეტაპზე ენგურჰესშიც წყლის დონე დასაშვები ნორმის ფარგლებშია. მისი შევსება დაგეგმილი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს და, ენერგეტიკოსების თქმით, არანაირი დარღვევა მოსალოდნელი არ არის. ჰესი უკვე 15 დღეა, შევსებულია, ამიტომ შემოდგომას პრობლემების გარეშე ხვდება. ზამთარშიც, წესით, გაუთვალისწინებელი არაფერი უნდა მოხდეს.

ნათია ლომიძე
10.08.2017

 საქართველოში პენსიონერთა რიცხვი წლიდან წლამდე დიდი სისწრაფით მატულობს, რაც ბიუჯეტს დიდ ტვირთად აწვება. ქვეყანაში არ იზრდება შობადობის მაჩვენებელიც. ბოლო 2 წლის განმავლობაში პენსიონერთა რაოდენობა 13 000-ით გაიზარდა. თუკი მატება ამ ტემპით გაგრძელდა, 10 წელიწადში ქვეყანას დაახლოებით კიდევ 80 000 პენსიონერი შეემატება, რაც ეკონომიკურ პრობლემებს გააჩენს.

თეო გუდავაძე
10.08.2017

 "საქართველოს რკინიგზის" კახეთის რეგიონის თანამშრომლები შეცვლილ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. რამდენიმე დღის წინ მათ მოულოდნელად განუმარტეს, რომ მათი სამუშაო ადგილი, კახეთის ნაცვლად, დედაქალაქი იქნებოდა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს მოტყუებით მოაწერინეს ხელი ხელშეკრულებაზე, სადაც საუბარიც კი არ იყო დისლოკაციის შეცვლაზე. მათ პროტესტს კი მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, რის გამოც პერსონალმა რკინიგზას ულტიმატუმი წაუყენა და ვადად 7 დღე მისცა.

ნათია ლომიძე
09.08.2017

 "ინტერ რაომ" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა და ახლა უკვე 175 მილიონი აშშ დოლარის ზარალის კომპენსირებას ითხოვს. წინა სარჩელი 125-მილიონიანი იყო. გამოდის, რომ რუსული კომპანიის მადა 50 მილიონით გაიზარდა და ეს შეიძლება საბოლოო თანხა არც იყოს. გამორიცხული არ არის, რამდენიმე თვის შემდეგ "ინტერ რაომ" კიდევ უფრო მოუმატოს საკომპენსაციო თანხას და 200 მილიონსაც გადააჭარბოს.

თამარ მუკბანიანი
08.08.2017

 "საქართველოს რკინიგზის" შემოსავალი წლიდან წლამდე მცირდება. ჯერ ნაადრევია 2017 წლის საბოლოო შედეგზე საუბარი, თუმცა პირველ სამ თვეში სატრანსპორტო გადაზიდვიდან მიღებული შემოსავალი 10%-ით შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს სერიოზული ვარდნაა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×