ელზა პაპოშვილი
21.06.2019

 დღეს  აქციაზე სასულიერო პირები მივლენ  და ცოცხალი ჯაჭვით აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჩადგებიან. „რეზონანსთან“ მამა შალვა კეკელიამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ ამ აქციაში მონაწილეობას ისიც მიიღებს. სასულიერო პირები შეეცდებიან, რომ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაძაბულობა და კონფლიქტი მათი დახმარებით თავიდან  აიცილონ. 

თამთა ჩაჩანიძე
21.06.2019

 ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ შექმნილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისიდან გამოყვანისთვის ირაკლი კობახიძის გადადგომა აუცილებელი იყო.

ტატა შოშიაშვილი, თამარ შუკვანი
21.06.2019

 თსუ-ს პირველ კორპუსთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ასეული სტუდენტია შეკრებილი. ისინი 20 ივნისს პოლიციასთან შეტაკებისას დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, ვინც გუშინ არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ამისათვის ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევენ.

ტატა შოშიაშვილი, თამარ შუკვანი
21.06.2019

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია სახელწოდებით „არა რუსეთს (სტუდენტები)“ იწყება. სტუდენტებმა მშვიდობიანი აქცია 18:00 საათზე დააანონსეს თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, სადაც ამჟამად სტუდენტები იკრიბებიან.

ელზა პაპოშვილი
21.06.2019

 „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა საკმარისი არ არის და ხელისუფლებამ 20 ივნისს მომხდარ დარბევაზე მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. კაპანაძე ამბობს, რომ როდესაც საკუთარ მოსახლეობას „გავრილოვის ღამეს“ მოუწყობ, მხოლოდ კობახიძის გადადგომა ვეღარ გიშველის.  

ია აბულაშვილი
21.06.2019

 „ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, დაინიშნოს  საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს“, - ასე ეხმაურება აკადემიკოსი იულონ გაგოშიძე ქვეყანაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს.

თამარ შუკვანი
21.06.2019

 „ვისურვებდი, რომ ეს იყოს ადამიანი, რომელიც პარლამენტში პოზიტიურ პროცესს შექმნის, რისი დეფიციტიც დღეს არის. თალაკვაძის გარდა უმრავლესობაში კიდევ 115 დეპუტატია. ასე რომ, კონკრეტულად რატომ მეკითხებით თალაკვაძეზე და არა სხვაზე?" - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე „რეზონანსის" კითხვას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომის შემდეგ მისი თანამდებობა შესაძლოა არჩილ თალაკვაძემ დაიკავოს.

ტატა შოშიაშვილი
21.06.2019

 თბილისში დაწყებული მასობრივი არეულობისა და სახალხო პროტესტის ფონზე, მას შემდეგ, რაც რუსულმა დელეგაციამ საქართველოს ტერიტორია დატოვა, რუსულ პრესაში არაერთი კომენტარი გავრცელდა, სადაც ამბობენ, რომ ეს იყო „რუსოფობული პროვოკაცია", რომელიც ოპოზიციის რადიკალურმა პარტიებმა არეულობების დასაწყებად გამოიყენეს. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავის მოსახლეობას საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ და ამას ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობის ხსნიან.

თამარ შუკვანი
21.06.2019

 „როდესაც ბიძინა ივანიშვილს აგინებენ თუ აუგს ამბობენ მასზე, ქვეყენაში ძნელია რამეზე ლაპარაკი. პოზიცია-ოპოზიცია რა შუაშია აქ? მიხედეთ, ხალხო, ერთმანეთს. სიყვარულის გარეშე არ გამოვა არაფერი, დავიღუპებით. პატარა ქვეყანა ვართ, არ გვყავს მილიონიანი ჯარი. რომც გვყავდეს, რად გვინდა, დავხოცოთ და ამოვხოცოთ ხალხი?" - აცხადებს „რეზონანსთან" „ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას.

ია აბულაშვილი
21.06.2019

 „პარლამენტში შეჭრის მცდელობა - ეს იყო კანონის დარღვევა. შეჭრის აკვეთა ჯერ  ხდებოდა პოლიციელების მიერ წინააღმდეგობის გაწევით და ეს კეთდებოდა კანონის ფარგლებში, მაგრამ შემდეგ დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება და იქ დაირღვა კანონონი და არ იყო გამოყენებული პროპორციული ძალა“, - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალეძე 20 ივნისს რუსთაველის პროსპექტზე ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების დაშლას.

თამარ შუკვანი
21.06.2019

 „ქართული ოცნების" ცენტარულ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვება. ოფისში ასევე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც აზერბაიჯანში ვიზიტი შეწყვიტა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ამასთანავე, ბელარუსში ვიზიტი შეწყვიტა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც უკვე თბილისში ბრუნდება.

ელზა პაპოშვილი
21.06.2019

რა გეგმები აქვს ოპოზიციას დარბეული აქციის შემდეგ, „რეზონანსი“ ამის გარკვევას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძესთან შეეცადა. დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მთელი დღის და ღამის განმავლობაშიც მზად იყო მოლაპარაკებაზე წასულიყვნენ, თუმცა მათთან კონტაქტზე არავინ გამოსულა. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×